„რუსული თვითმფრინავების რამდენიმე ჯგუფის გადატაცება ნათელყოფს ნატოს ძალების მზადყოფნას და უნარს, დაიცვან ალიანსის ცა დღე-ღამეში 24 საათის, კვირაში 7 დღის, წელიწადში 365 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ალიანსის სამხედრო-საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის უფროსის მოადგილემ გერმანიაში, რამშტაინში, ბრიგადის გენერალმა ენდრიუ ჰანსენმა.
ასეთი უწყვეტი მორიგეობის შედეგად გასულ წელს ალიანსის ქვეყნებმა 350-ჯერ გადაუჭრეს გზა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც ნატოს ქვეყნების საჰაერო საზღვრის მახლობლად მოქმედებდნენ.
ნატოს ოფიციალური საიტის თანახმად, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ერთნაირი ხელწერით მოქმედებენ. მათ ხშირად გამორთული აქვთ ტრანსპონდერები, არ იძლევიან ცნობებს ფრენის გეგმის შესახებ და არ გამოდიან კავშირზე, რაც საერთაშორისო ნორმების უხეში დარღევაა და საფრთხეს უქმნის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ავიაციას.
ევროპის ცის სადარაჯოზე
რუსეთის სამხედრო ავიაციის ასეთი პარპაშის აღკვეთის მიზნით, ევროპის საავიაციო სივრცის კონტროლისთვის ნატოს ევროპული ძალების მთავარსარდლობას ყოველდღიურ საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს 40 რადიოსალოკაციო სადგური და 60 თვითმფრინავი, რომლებიც გადატაცების ოპერაციებში მონაწილეობენ.
როგორც თავად ალიანსიც აღნიშნავს, ეს გადატაცების ოპერაცია უსაფრთხო და რუტინული წესით ხორციელდება, ანუ საზღვრის პოტენციური დამრღვევი თვითმფრინავები მალევე ექცევიან ნატოს „საავიაციო პატრულის“ ზემოქმედების ქვეშ, ხდება მათი კოორდინატების დადგენა, აერო-ფოტო გადაღება და დისტანცირებული მანევრით, ანუ ადევნებით, მათი იძულება, რომ შეცვალონ ფრენის კურსი და გაბრუნდნენ უკან.
29 მარტს ალიანსის თვითმფრინავები სწორედ ასე აედევნენ რუსეთის ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს, რომლებმაც ბოლო ხანს, განსაკუთრებით 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, უჩვეულოდ მოუხშირეს ფრენებს ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, ბალტიის ზღვისა და, განსაკუთრებით, შავი ზღვის თავზე.
თავდაპირველად ნორვეგიის F-16 ტიპის თვითმფრინავებმა გადაიტაცეს რუსეთის ორი ბომბდამშენი Tu-95, რომლებმაც განაგრძეს სამხრეთის მიმართულებით ფრენა ჩრდილოეთის ზღვის თავზე, რის გამოც ცაში ავიდნენ ბრიტანეთისა და ბელგიის Typhoon-ები და F-16-ები.
მაგრამ ინციდენტი ამით არ ამოწურულა. იმავე დღეს ნორვეგიის სამხედრო თვითმფრინავებმა საერთაშორისო წყლების თავზე გადაიტაცეს რუსეთის ორი ბომბდამშენი Tu-160.
დაბოლოს, შავი ზღვის თავზე თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის გამანადგურებლებს მოუხდათ უკვე ცაში ასვლა მას შემდეგ, რაც ალიანსის რადარებმა ნატოს საჰაერო სივრცის მახლობლად აღმოაჩინეს რუსეთის სამი სამხედრო თვითმფრინავი და აედევნენ მათ, სანამ ისინი ამ რაიონს დატოვებდნენ.
„ჩვენ მუდამ ფხიზლად ვართ. სადღეღამისო მორიგეობაზე მყოფი ნატოს გამანადგურებლები მზად არიან აიჭრან ჰაერში ჩვენი მოკავშირეების საჰაერო სივრცის მახლობლად საეჭვო და გამოუცხადებელი ფრენების შემთხვევაში. საჰაერო პატრულირება მნიშვნელოვანი მეთოდია, რომლითაც ნატო უზრუნველყოფს თავისი წევრების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, ოანა ლუნჯესკუმ.
ამერიკული Global Hawk-ები სამხრეთ კავკასიაში
ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ეს სიტყვები ნაწილობრივ ვრცელდება ასევე ალიანსის არაწევრ, მაგრამ დაწინაურებული პარტნიორის სტატუსის მქონე საქართველოსა და უკრაინაზე მას შემდეგ, რაც, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და შავი ზღვის სამხედრო ფლოტის უწყვეტი გაძლიერების გამო, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის უსაფრთხოება თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და, განსაკუთრებით, 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაში თავი მოუყარა სერიოზულ შეიარაღებასა და ტექნიკას.
„რუსეთის შეიარაღებაში არის 200 ერთეული რაკეტა - როგორც გემთსაწინააღმდეგო რაკეტები, ისე შორეული მოქმედების ფრთოსანი „კალიბრის“ ტიპის რაკეტები. ამას ემატება უკრაინის გარშემო, რუსეთის სამხრეთის ოლქში განლაგებული 100-მდე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინელი ექსპერტი მიხაილო სამუსი, პროფესიული სინდიკატის „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.
ამ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი 150-200 კილომეტრს აღწევს. ყირიმში რუსეთმა განათავსა ასევე დიდი სიშორის „ბასტიონის“ კლასის სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც, ფაქტობრივად, შავი ზღვის ყველა მონაკვეთში შეუძლია მოწინააღმდეგის ხომალდებზე იერიშის მიტანა, მათ შორის ბოსფორამდეც.
ამას ემატება, ცხადია, ავიაცია, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად.
„ყირიმში ისედაც არსებობდა აეროდრომები, რომლებიც რუსეთმა განაახლა და განათავსა იქ როგორც გამანადგურებელი ავიაცია, ისე რაკეტმზიდი ბომდამშენები. ასე რომ, ყირიმის ნახევარკუნძულის ასეთი სერიოზული მილიტარიზაციით რუსეთი სერიოზულად აკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი.
რუსეთის ამ გაცხოველებულ მილიტარიზმს ნატო თავისი შავი ზღვისპირა მოკავშირეების თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით უპასუხებს.
დაახლოებით, ორი კვირს წინ რუმინეთმა აშშ-ისგან შეიძინა, დაახლოებით, 20 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, აღჭურვილი როგორც უმართავი, ისე მართვადი რაკეტებით, რომელთა მოქმედების სიშორე 200-300 კილომეტრს აღწევს. ანუ რუმინეთი და, შესაბამისად, ნატო, ამ სისტემების განთავსებით შეძლებს ასევე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გაკონტროლებას.
გარდა ამისა, ოპერატიული ვითარების მონიტორინგის მიზნით, შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოს „კორვეტის“ ან „ფრეგატის“ დონის ხომალდები, რომლებსაც, როტაციის წესით, სამ კვირაში ენაცვლება გემების მორიგი ჯგუფი, რადგან 1936 წლის მონტროს კონვენციის საფუძველზე შავი ზღვის არაწევრი სახელმწიფოების გემებს 21 დღეზე მეტით ეკრძალებათ ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში ყოფნა.
შესაბამისად, მონტროს კონვეციით არსებული შეზღუდვის გამო, ნატო საავიაციო კომპონენტის გააქტიურებით ცდილობს აკონტროლოს ვითარება შავ ზღვაში.
ერთი წლის წინ ნატომ F-16-ების ესკადრილია გადაისროლა შავი ზღვისპირა რუმინეთისა და ბულგარეთის აეროდრომებზე, ასევე გახშირდა უკრაინის საჰაერო სივრცეში ნატოს უპილოტო დრონების ფრენა. ცნობილია ასევე, რომ, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში საკმაოდ ხშირად შემოდის და დაფრინავს “გლობალ ჰოუკის“ ტიპის სტრატეგიული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი.
„ამერიკული თვითმფრინავი ფრინდება სიცილიიდან, გადაკვეთს ხმელთაშუა ზღვას და საბერძნეთის გავლით შემოდის შავი ზღვის აკვატორიაში. „გლობალ ჰოუკი“ ჯერ ზვერავს ყირიმის ნახევარკუნძულს, მერე ნოვორისიისკთან ჩაიფრენს, შემოდის საქართველოს საჰაერო სივრცეში და საქართველოს ჩრილოეთით, რუსეთის საზღვრის გასწვრივ ახორციელებს ფრენას. ხოლო როდესაც მთიან ყარაბაღში მესამე ომი იყო გაჩაღებული (იგულისხმება გასული სექტემბერ-ნოემბრის 44-დღიანი ომი. - რედ.), მაშინ „გლობალ ჰოუკი“ დაფრინავდა საქართველო-სომხეთის საზღვრის გასწვრივ და 200 კილომეტრის სიღრმეში აკვირდებოდა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს“, - ეუბნება ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებას.
ცხადია, რომ ნატოს ქვეყნების ავიაციის მოქმედებას მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მომეტებული სიფხიზლით აკვირდება რუსეთიც.
იშვიათად, მაგრამ ბოლო წლებში რუსულ გამანადგურებლებსაც მოუხდენიათ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო თვითმფრინავების გადატაცება მათ შორის შავი ზღვის აკვატორიაში, რუსეთის საჰაერო სივრცის მახლობლად.
შარშან, აგვისტოში, რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა გამანადგურებელმა აშშ-ის ორი სადაზვერვო თვითმფრინავი გადაიტაცა შავ ზღვაში. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 5 აგვისტოს ტასს განუცხადეს, რომ რუსული Su-27 აშშ-ის თვითმფრინავებს შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში შეხვდა.
ამ ინციდენტის შესახებ მაშინ განცხადება არ გაუკეთებიათ აშშ-სა და ნატოს, თუმცა სამოქალაქო სარადარო ვებსაიტებმა აშშ-ის თვითმფრინავები დააფიქსირეს შავ ზღვაში, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად.
მანამდე, გასული წლის მაისში, შავი ზღვის აუზის ნატოს სამი წევრის - ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის - სამხედრო თვითმფრინავებს განგაშზე მოუხდათ ერთობლივი მანევრის ჩატარება მათი საერთო საჰაერო სივრცის მახლობლად რადარების მიერ დაფიქსირებული ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავისთვის გზის მოსაჭრელად.
ეს იყო რუსეთის Ту-22 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი და ორი Су-27-კლასის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებიც შავი ზღვის დასავლეთ ფლანგზე დაფრინავდნენ დაზვერვის მიზნით.
„ისინი ამას აკეთებენ რეგულარულად. ამოწმებენ ჩვენს შესაძლებლობას და სურთ იცოდნენ, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაქცია, რამდენად სწრაფად შეგვიძლია რადარებით მათი აღმოჩენა და გზაგადამჭრელი თვითმფრინავების გაგზავნა“, - განაცხადა მაშინ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, კრასიმირ კარაკაჩანოვმა.
ბულგარელი მინისტრის ეს სიტყვები ერთგვარი გასაღებია მსგავსი საჰაერო ინციდენტების არსის გასაგებად. მიუხედავად ნატოსა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირებისა, მსგავსი საჰაერო ინციდენტების დიდი უმრავლესობა რუტინაა და არ მიიჩნევა მუქარად.