Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის წინადადება მოსახლეობის COVID-19-ისგან ვაქცინაციის შესახებ ცხინვალმაც უარყო


რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უარყო თბილისის წინადადება მოსახლეობის კორონავირუსისგან ვაქცინაციის შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნულმა ინიციატივამ სამხრეთ ოსეთში გაოცება გამოიწვია. განსაკუთრებულად ცინიკურად გამოიყურება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უდიდესი ზრუნვა საქართველოს მთავრობის მხრიდან. საკმარისია ფარისევლობა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სიტუაცია ქართველი პოლიტიკოსების არაჯანსაღ წარმოსახვას აწრიალებს. უმჯობესია საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს მიაქციონ ყურადღება. მათ შორის ვირუსის ჯერ კიდევ სწრაფ გავრცელებასა და უარყოფით შედეგებს, რომელიც „ასტრაზენეკას“ გამოყენების ტრაგიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, ნაცვლად იმისა, რომ მედიაში იძახონ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველმხრივ მზადაა დაეხმაროს სამხრეთ ოსეთს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია და ინფექციისგან ვაქცინაცია ე.წ. ხელისუფლების საიმედო კონტროლისა და მზრუნველობის ქვეშაა მოქცეული, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად ყველა საჭირო ზომაა მიღებული და ამ სფეროში პრობლემები არ არის:

„სამხრეთი ოსეთი საქართველოსგან დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა უკვე 30 წელია. მთელი ამ ხნის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოს მიერ მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებას არ ჰქონია იურიდიული ძალა ჩვენს ტერიტორიაზე. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა სამხრეთ ოსეთის კანონიერი მთავრობის სანქციის გარეშე, მათ შორის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, უპერსპექტივოა“, - აღნიშნულია რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გარდა, თბილისის წინადადებაზე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში მისცეს ვაქცინაციის შესაძლებლობა, უარი განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმაც. როგორც „ეხო კავკაზა“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხი მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ფედერაციის დახმარებით განიხილება“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ექნებათ. ამის შესახებ 30 მარტს უწყებათშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ „იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის „გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას“ და მათთვის სავალდებულო არ იქნება სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია.

ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა აცრა „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით.

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლა აკრძალული, ან მაქსიმალურად შეზღუდულია, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონებში გადასვლის შემთხვევაში კი, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინს ექვემდებარებიან. შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ იქნება შესაძლებელი მათი აცრა.

XS
SM
MD
LG