Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაიაზე ბელარუსის პროკურატურაში საქმე აღიძრა ტერორიზმის მუხლით


ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ ტერაქტის მომზადების მუხლით საქმე აღძრა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიასა და საზოგადოებრივი ინიციატივა BYPOL-ის წევრების მიმართ. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ იუწყება გენერალურ პროკურორ ანდრეი შვედზე დაყრდნობით.

ციხანოუსკაია და BYPOL-ის წევრები „რამდენიმე დღის წინ ცდილობდნენ მოეხდინათ აფეთქებები და გაეჩინათ ხანძრები ბელარუსის დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ტერიტორიებზე. სამხილით დაკავებულმა მოქალაქე მალეიჩუკმა უკვე მისცა გამოძიებას ჩვენება ტერაქტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შესახებ“, - განაცხადა ბელარუსის გენერალურმა პროკურორმა.

მანამდე, 27 მარტს, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ თავიდან აიცილა ორი ტერაქტი, რომელსაც BYPOL-ის წევრები გეგმავდნენ. ამ სახელწოდების ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი, ბელარუსის სამართალდამცველი ორგანოების ყოფილი წევრები.
BYPOL-ი კი აცხადებს, რომ ეს სწორედ მათ ჩაფუშეს ტერაქტი, რომელსაც ხელისუფლება 25 მარტს გეგმავდა.

მარტის დასაწყისში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას. „დღეისათვის ციხანოუსკაიაზე გამოცხადებულია ძებნა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია ასევე, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ნდობით აღჭურვილი 4 პირის მიმართ დასრულდა გამოძიება.
მათ ბრალი ედებათ მასობრივი არეულობების მოწყობასა და ქალაქ გომელის სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდებაში.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია ცხოვრობს ლიეტუვაში, სადაც უსაფრთხოების მოსაზრებებით წავიდა ბელარუსიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს. ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ზედიზედ მეექვსედ გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

31 იანვარს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნეუსედამ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია და „მთელი ბელარუსელი ხალხი“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ნობელის კომიტეტში გამარჯვებულს ნოემბერში გამოაცხადებენ.

XS
SM
MD
LG