„კომპრიმისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის სიძლიერის გამოვლინება. კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და ეს არის ევროპული გზა“- განაცხადა გვიან ღამით თბილისში ჩამოსულმაკრისტიან დანიელსონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მისი სიტყვებით, ის მოხარულია, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში და მოელის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან თანამშრომლობით შეთანხმების მიღწევას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.
კრისტიან დანიელსონი, საქარველოში სამი დღე დარჩება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან ჩაება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესში.
12 მარტიდან, დანიელსონმა საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. თბილისში გამართულ ბოლო, ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც 18 მარტს, დღის სამი საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.