„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევის ინიციატივას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, ბარიერის დაწევა ოპოზიციის ერთიანი პოზიციაა, თუმცა ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს:
„როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს განაცხადეს, რომ დარეგისტრირდება საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი შემცირდეს 5-დან 3%-მდე.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ასევე საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის 7-ის ნაცვლად, 4 დეპუტატის გაერთიანება იქნება საჭირო.
ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში, დღევანდელი მდგომარეობით, სადეპუტატო უფლებამოსილებას 96 დეპუტატი ახორციელებს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიანი პარლამენტის მანდატები მოიპოვა 9 საარჩევნო სუბიექტმა. მათგან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობენ "ქართული ოცნების" 90 დეპუტატი, "მოქალაქეების" 2 და "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული 4 წევრი, რომლებმაც "ევროპელი სოციალისტები" დაირქვეს.
მანდატებს ოფიციალურად ინარჩუნებენ, თუმცა, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევიან: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია".
მათ ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.