საქართველოში წუხელ ჩამოვიდა ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის 29 500 დოზა. ამ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია. Pfizer-ის ვაქცინას მინუს 70-80 გრადუსზე შენახვა სჭირდება, ამიტომ აცრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც შესაბამისი პირობები აქვთ.
დღეიდან, 25 მარტიდან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ასაცრელად დარეგისტრირება შეუძლიათ 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც, პორტალზე booking.moh.gov.ge. ცხელი ხაზის ნომერია 15 22. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, აცრის მსურველებს საშუალება ექნებათ არჩევანი გააკეთონ Pfizer-ის და AsrtaZeneca-ს ვაქცინებს შორის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისის 4 კლინიკაში: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ამტელ-ჰოსპიტალი, ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულია 26 მრავალპროფილიანი კლინიკა. აცრის შემდეგ დაყოვნების და დაკვირვების დრო 30 წუთიდან 45 წუთამდე გაიზარდა.
საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ დრომდე აცრილია 4048. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.
23 მარტს, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ AsrtaZeneca-ს ვაქცინა ვიდეოკამერების წინ გაიკეთა საჩხერის კლინიკაში. მან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.