Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი COVID-19-ის ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს


ოთხშაბათს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, გაამკაცროს კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტზე კონტროლი.

ევროპის კომისიამ ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ განაცხადა, რომ, მისი გეგმით, ევროკავშირში წარმოებული მეტი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი თავად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და ეს ზოგჯერ იმ ქვეყნებისთვის დახმარების ხარჯზე შეიძლება მოხდეს, რომლებიც არ არიან ბლოკის წევრები.

გეგმის თანახმად, ქვეყნების სია, რომლებში ექსპორტისთვისაც ევროკავშირის ნებართვა იქნება საჭირო, გაფართოვდება და ის მოიცავს 17 მეზობელ ქვეყანას. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის თანახმად, მას არ მოეპოვება ერთიანი „ალგორითმი“ და ყოველ ქვეყანაში ექსპორტის შესახებ ცალკეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებით განსაკუთრებით იზარალებს დიდი ბრიტანეთი, სადაც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

„მე კონკრეტულად დიდ ბრიტანეთს ვახსენებ“, განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა. მისი თქმით, იანვრის შემდეგ „ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 10 მილიონამდე დოზა ვაქცინა და დიდი ბრიტანეთიდან ევროკავშირში - ნული“.

„ასე რომ, ცხადია, რომ უნდა ყურადღება მივაქციოთ საპასუხო ქმედებებს და პროპორციულობას“, დასძინა დომბროვსკისმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში ევროკავშირმა დაამტკიცა 41 მილიონი დოზა ვაქცინის ექსპორტი 33 ქვეყანაში. მისი თქმით, ევროკავშირი ვაქცინების სხვებისთვის განაწილების მხრივ მოწინავე პოზიციაზე დგას.

ჯერჯერობით ევროკავშირში მოქმედებს აკრძალვების ნაკლებად მკაცრი რეჟიმი, რომლის საფუძველზეც, აქამდე განხორციელებული 381 ექსპორტიდან მხოლოდ ერთი დაიბლოკა.

ვაქცინების ექსპორტის თაობაზე ევროპის კომისიის ახალ გეგმაზე ხუთშაბათს იმსჯელებენ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე.

XS
SM
MD
LG