Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტიან დანიელსონი კვირის ბოლოს კვლავ ეწვევა საქართველოს


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი 22 მარტს შეხვდა საქართველოში მის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ამ კვირის ბოლოს კვლავ ესტუმრება საქართველოს, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ მიმართული მედიაციის პროცესის გაგრძელების მიზნით.

როგორც ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი, დანიელსონის შუამავლობით საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწეს გარკვეულ შეთანხმებას ხუთიდან სამ საკითხზე: საარჩევნო რეფორმებზე, მართლმსაჯულების რეფორმებსა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე. მაგრამ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ პროგრესი მიღწეული იქნას ორ ყველაზე უფრო სადავო - პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მომავალი არჩევნების საკითხებში.

საქართველოს პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა გააცნობიერონ გაჭიანურებული კრიზისის მოსალოდნელი შედეგები, როგორც თავიანთი მოქალაქეების, ისე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისთვის. აუცილებელია, რომ ყველა მოთამაშე სრულად იყოს ჩართული მედიაციის პროცესში, რომელიც მომავალ კვირაში განახლდება, - ნათქვამია ევროკავშირის ცნობაში.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან ჩაება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესში.

12 მარტიდან, დანიელსონმა საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. თბილისში გამართულ ბოლო, ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც 18 მარტს, დღის სამი საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG