პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დასრულდა ექიმების მულტიპროფილური გუნდის კონსილიუმი, რომელიც ეხებოდა ახალციხის კლინიკის ექთნის, მეგი ბაქრაძის მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკას. კონსილიუმს ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ეტაპზე ექთნის მდგომარეობა არის მძიმე.
„28 წლის ქალი კლინიკაში შეიყვანეს დაახლოებით 21:30-ზე. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება, როგრც მძიმე. იმყოფება ხელოვნურ ვინტილაციაზე. გემოდინამიკა არასტაბილურია. მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნა რატიანმა და დაამატა, - „ჩატარდა, როგორც ინსტრუმენტული, ასევე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშეა, იმიტომ, რომ აქ იყო, დაუზუსტებელი შოკი, სავარაუდოდ. გაკეთდა ინექცია ვაქცინით და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. დადასტურებისათვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი პირველი მიზანია, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად იქნას პაციენტი გამოყვანილი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება, სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში 12:15 წუთზე აიცრა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი. ქალი, რომელიც, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ანამნეზის მიხედვით, სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს.
„სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის. სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით, უფრო გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას", - თქვა გამყრელიძემ.
ექთანი ახალციხიდან გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტომ დეტალური მოკვლევა ჩაატარა და მასალები გადასცა გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს.
შემთხვევის მიუხედავად, ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შეუფერხებლად გაგრძელდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.