საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში მედიასთან კომენტარში ისაუბრა თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესზე. მისი განმარტებით, სჯერა, რომ სააკაშვილისგან განსხვავებული კონსტრუქციული ოპოზიცია გაბედულ ნაბიჯს გადადგამს და შევა პარლამენტში.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ. ის განცხადება, რაც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ. აქედან გამომდინარე, კითხვები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ ჩვენ გუშინ განცხადებები ევროკავშირის, დღესაც იგივე დადასტურდა. რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას და კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, - მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, - მე მჯერა იმ კონსტუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მოსახლეობისთვის, იყოს უკეთესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო.
საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, დანიელსონი მხარეებს ცალ-ცალკე არაერთხელ შეხვდა.
კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებულ მედიაციის პროცესს, რომლის მიზანია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.