Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებითაც წულაია დააკავეს, პოლიტიკოსის მხრიდან ძალადობაზე ჰყვება


გოგი წულაია
გოგი წულაია

ასმათ დვალიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიტიკოსი გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მასზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. სწორედ, დვალიშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავა შსს-მ წულაია.

ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიამ, რომელსაც წლებია იცნობს, ორი დღის წინ მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით თბილისში გაყოლა სთხოვა.

„შეხვედრა, რომელზე გაყოლაც გოგი წულაიამ მთხოვა, გადაიდო. მე ახლობელთან ვაპირებდი წასვლას. გოგიმ მითხრა, მაქვს ბინა თბილისში ნაქირავები და იქ წავიდეთო. მეც წავყევი, ცუდი არაფერი მიფიქრია. ნასვამი იყო გოგი. მერე მითხრა, რომ მოვწიო, შენ ხომ არ გეწყინებაო, არა-მეთქი, აივანზე გავიდა და მოსწია. შემობრუნდა, დაჯდა და ცოტა ხნის მერე შეუფერებელი ქმედებები დაიწყო. ცდილობდა ჩემზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას. საპატრულო პოლიცია გამოვიძახე. ვერაფრით ვერ ვაპატიებ, რაც გააკეთა, მამის ტოლაა, ამას როგორ ვიფიქრებდი. დაზიანებული მაქვს ორივე ხელი, კისერი, ზურგი“, - თქვა დვალიშვილმა, რომელიც ამ წუთებში ექსპერტიზაზე იმყოფება.

შსს-მ გოგი წულაია გვიან ღამით დააკავა. ამ დროისთვის ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გოგი წულაიას მეუღლე მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, შესაძლო პროვოკაციას არ გამორიცხავს.

პოლიტიკოსის მეგობრის ვეფხია მიქაუტაძის თქმით, გოგის წულაიას დაკავება არის პოლიტიკური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შსს-მ ნებისმიერი ქმედება საჯარო უნდა გახადოს, რაც იქნება დაკავშირებული წულაიასთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, წულაიას დაკავების ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციონერის მიერ ცნობილ პერფორმანსს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით. გიგა შუშანია არ გამორიცხავს, რომ წულაია პროვოკაციის მსხვერპლია და ის ბიძინა ივანიშვილის შვილის გინებისთვის უბრალოდ დასაჯეს.

„გაგინებ, მოდი და გამისწორდი“, - ასე მიმართა გოგი წულაიამ 11 მარტს ბერა ივანიშვილს, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

XS
SM
MD
LG