პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს თელავის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც 2020 წლის ზაფხულში დააკავეს ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით.
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, გრემელაშვილი 10 000 ლარის გირაოთი ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში გათავისუფლდა. მიხეილ გრემელაშვილს რომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს, ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ის თელავის საკრებულოს სხდომას დაესწრო.
თელავის საკრებულოს აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ დროებით შეჩერებული უფლებამოსილება გირაოთი გათავისუფლების შემდეგ აღუდგა და ეს ფაქტი საკრებულომ ცნობად მიიღო. კანონის თანახმად, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება საერთოდ უწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს.
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ. მან რადიო თავისუფლებას მიზეზად ის დაუსახელა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მიხეილ გრემელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ადვოკატის თანახმად, ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გირაოს შეფარდებასთან ერთად, მოსამართლემ გრემელაშვილს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და პასპორტი ჩამოართვა. ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ გრემელაშვილს ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ აქვს.
თელავის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა გრძელდება. მომდევნო სხდომა 8 აპრილსაა დანიშნული. როგორც ადვოკატი ზურაბ ბელთაძე ამბობს, მიხეილ გრემელაშვილი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს. თავად ბრალდებულმა დეპუტატმა კომენტარზე უარი თქვა.
თელავის საკრებულოს წევრს, რომელიც 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს, პროკურატურა ადანაშაულებს ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. შსს-ს ინფორმაციით, გრემელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს და მათზე ფიზიკურად იძალადა.
2020 წლის ივლისშივე, თელავის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მაშინაც 10 000 ლარის გირაოს ითხოვდა. თელავის საკრებულოს წევრს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობს, სოციალური ქსელით პირველმა გაავრცელა მისმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა.
გრემელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ ბრალდების მხარის პოზიციის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ პროკურატურას მიმართა და პასუხს ელოდება.