Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი პატიმარი ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით პენიტენციურ სამსახურს უჩივის


ყოფილი პატიმარი პენიტენციურ სამსახურს ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და ინფორმაციასაც ეს ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი 2019 წელს ე.წ. გლდანის ციხეში მოათავსეს, მან აცნობა ადმინისტრაციას ვეგანობის შესახებ და სპეციალური რაციონით კვება ითხოვა.

"მიუხედავად თხოვნისა, მას არ მიეწოდა საჭირო საკვები, რადგან, ადმინისტრაციის განმარტებით, არც სპეციალური საკვები ჰქონდათ ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც მოამზადებდა ვეგანურ საკვებს. ამასთან, ვეგანური პროდუქტები ადგილობრივ მაღაზიაში არ იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, პატიმარს ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვების მცირე ნაწილის მიღება შეეძლო და მთელი დროის განმავლობაში უწევდა იმაზე ბევრად ნაკლები საკვების მიღება, ვიდრე ნორმაა", - აღნიშნავს საია და განმარტავს, რომ ამ მიზეზით მოსარჩელეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები.

მოქალაქე მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო მთელი პატიმრობის პერიოდის განმავლობაში იყო ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი, რის გამოც იგი ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

"სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არამხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

"#8 პენიტენციური დაწესებულებისთვის ცნობილი იყო გ.ტ.-ს (რომლის საქმესაც იხილავს სასამართლო) კვების სპეციალური საჭიროებების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გ.ტ. უზრუნველყოფილი იყო სრული კვებით, საკვებად მიწოდებოდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავდა ხელოვნურ ცხიმებს. სამედიცინო პერსონალის მიერ კი კონტროლდებოდა საკვების ოდენობა და კალორაჟი. შესაბამისად, მისი ბრალდება პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საფუძველს მოკლებულია", - ვკითხულობთ უწყებიდან მიღებულ პასუხში.

XS
SM
MD
LG