ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის. დეპუტატი ამბობს, რომ მას მერიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია.
"მას შემდეგ, რაც თებერვალში მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა მერიის საბინაო სამსახურის შესახებ, საჯარო გავხადეთ აღმოჩენილი შესაძლო კორუფციული ფაქტები და მივმართეთ პროკურატურას, დამატებით 10 თებერვალს მივწერეთ ქალაქის მერს და მოვითხოვეთ შიდა აუდიტის ყველა დასკვნა, თუ რომელი სამსახურები და ა(ა)იპ-ები შემოწმდა და რა დასკვნები დაიწერა", - აცხადებს შუშანია.
მისი თქმით, წერილის მიწერიდან თვეზე მეტის გასვლის მიუხედავად, პასუხი არ მიუღიათ.
"მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერი მფარველობს კორუფციას ქუთაისში, მალავს ამ დასკვნებს იმიტომ, რომ არ მოხდეს სათანადო გამოძიება, საზოგადოება არ იყოს ინფორმირებული და ამასობაში ზუსტად იგივე სამსახურის უფროსები, რომლებიც წლებია ფლანგავენ და იპარავენ მილიონობით ლარს ქუთაისის ბიუჯეტიდან ქუთაისის მერის ხელმძღვანელობით და მფარველობით, აგრძელებენ ამ ფულის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში", - აცხადებს გიგა შუშანია.
ქუთაისის მერიაში სიცრუეს უწოდებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას განცხადებას. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია.
"ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი (საიდანაც თავადაც გამოგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით".
2 თებერვალს გიგა შუშანიამ გაასაჯაროვა მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის 2017-2019 წლების შიდააუდიტორული შემოწმების ანგარიში და მისი პროკურატურისთვის გადაგზავნა მოითხოვა, მოგვიანებით კი თავად მიმართა საგამოძიებო ორგანოს. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ სამსახურმა პროგრამების დიდი ნაწილი დარღვევებით და არაჯეროვნად შეასრულა.