"TV პირველის" ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ აპირებენ პროკურატურაში მისვლას მათ მიერ მომზადებულ მასალაზე სასაუბროდ. ინფორმაციას ადვოკატი "ფეისბუკით" ავრცელებს.
"ამის შესახებ პროკურატურა ინფორმირებულია ჩემს მიერ... სამწუხაროა, რომ პროკურატურა თავად აუდიო ჩანაწერით აქამდე არ დაინტერესებულა, რომლის გადაცემის მზაობას ვაცხადებდით და ვაცხადებთ", - აცხადებს მშვენიერაძე.
დაახლოებით 10 დღის წინ მელაძის საავტორო გადაცემისთვის ჩიხლაძემ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა წყაროსგან მიწოდებული აუდიოჩანაწერებით. აუდიოჩანაწერებში ისმოდა მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი უფროსის ანზორ ჩუბინიძისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილის საუბარი. ეთერში გასული ჩანაწერების შინაარსიდან გამომდინარე ოპოზიციური პარტიები, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებდნენ, რომ ეს იყო 2010 წლის ჩანაწერები და მაშინდელი ხელისუფლება "არასრულწლოვან ბერას" უსმენდა.
ჩანაწერების გავრცელებიდან მესამე დღეს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არა აუდიოჩანაწერის შინაარსზე, არამედ მისი უკანონოდ მოპოვების გამო. ჩანაწერის ამოღების მიზნით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, მოსამართლემ კი მათ ამ ღონისძიებისთვის ტელევიზიაში "პროპორციული ძალის" გამოყენების უფლება მისცა. მას შემდეგ, რაც "TV პირველმა" და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საფრთხეებზე დაიწყეს საუბარი განმარტებების გაკეთება მოუწიათ პროკურატურას და სასამართლოს - ორივე აღნიშნავდა, რომ არ იგეგმებოდა ტელევიზიის იძულება.