მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია(WHO) და „ევროპის წამლის სააგენტო“ დღეს, სპეციალურად მოწვეულ სხდომაზე იმსჯელებენ ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უსაფრთხოებაზე.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის გამოყენება ბოლო ხანს ევროპის არაერთმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულ აცრილ ადამიანს თრომბის პრობლემა გაუჩნდა, ზოგიერთი კი გარდაიცვალა. ამ ქვეყნებს შორის არიან დანია, ნორვეგია, ისლანდია, ბულგარეთი, ირლანდია, ნიდერლანდი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვაქცინაციასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირს ამ ეტაპზე ვერ ხედავს და მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება განაგრძონ.
აცრის შემდეგ თრომბის წარმოქმნის შემთხვევებს სწავლობს „ევროპის წამლის სააგენტოც.“ მისი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევების რაოდენობა მცირეა. ევროპული სააგენტო განმარტავს, რომ ყოველწლიურად ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზით თრომბი უჩნდება ათასობით ადამიანს. მიუხედვად იმისა, რომ ვაქცინაციასა და თრომბს შორის უშუალო კავშირი ამ დრომდე დადგენილი არ არის, „ევროპის წამლის სააგენტოს“ ექსპერტები დეტალურ კვლევას განაგრძობენ. მონაცემთა შესაჯამებლად, 18 მარტს, სააგენტო რიგგარეშე სხდომას გამართავს.
თავად კომპანია „ასტრაზენეკამ“ 14 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში უკვე აცრილი 17 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემთა დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ არ არსებობს ვაქცინასა და თრომბის რისკებს შორის კავშირის არანაირი მტკიცებულება.
საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია. პირველ დღეს 668 აიცრა. 15 მარტის საღამოს მონაცემებით, დარეგისტრირებული იყო 4202.
22 მარტისთვის საქართველო ელოდება ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების პირველ ნაწილს.