"ძალიან მარტივი გასაგებია ეს ყველასთვის - დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად, ვინაიდან პირველი კითხვა რაც მაქვს მე, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის ბერა ივანიშვილს.
არც პარტია არსებობდა, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაში ჩართული. ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში სავარაუდოდ მისი მონაწილეობით სატელეფონო აუდიოჩანაწერების გავრცელების მეექვსე დღეს. ჩანაწერების შესახებ მან პირველი კომენტარი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. მან თქვა, რომ აქამდე არ ჰქონდა ამ ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთების საშუალება და ახლაც მხოლოდ საზოგადოებისთვის აკეთებს ამ განმარტებას, რათა კითხვები არ დარჩეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას აღნიშნა, რომ არ სურს, ამ "მდარე ხარისხის პროვოკაციებზე უწევდეს თავის მართლება." მან დაადასტურა ის, რომ ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის დავალებით პოლიციის მონაწილეობით სტუმრობდა იმ პირებს, ვინც სოციალურ ქსელში მისთვის არასასურველ კომენტარებს ტოვებდა და თქვა ის, რაც აქამდე არც ბერა ივანიშვილს და არც ანზორ ჩუბინიძეს არ უთქვამთ - კერძოდ ის, რომ ბერას ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.
"ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ტოტალური მოსმენების მსხვერპლი ვიყავით. ესაა გამოსაძიებელი. რატომ გვისმენდნენ, რატომ გაასაჯაროვეს? დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელმაც თქვა, რა ვითარებაში მოხდა გასაუბრება ანზორ ჩუბინიძესთან. ერთი ფაქტი მომიყვანეთ ჩემი ან ანზორ ჩუბინიძის მიერ ვინმეს ჩაგვრის. უბრალოდ გასაუბრება მოხდა მეზობლებისა და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ ბერა ივანიშვილს, იყო მუქარა და უამრავი შეურაცხყოფა. ანზორ ჩუბინიძის პირდაპირი მოვალეობა იყო ამის გარკვევა, მათ შორის, პოლიციის მონაწილეობით. იმ დროს დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს.
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ "ნაცმოძრაობის" დროს ასეთი დანაშაული რომ მომხდარიყო, გამოიძიებდნენ თუ არა არა ამ დანაშაულს და დატოვებდნენ თუ არა გაუხმაურებელს?
არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა".
"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.
ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.