დღეს საქართველოში ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციის პროცესი უნდა გააგრძელოს.
შვედმა დიპლომატმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელოდება ძალიან დატვირთულ, სამდღიან მუშაობას პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, კრისტიან დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დანიელსონი საქართველოს 14 მარტს დატოვებს.
1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.
ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.