Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში 12 მარტს ჩამოვა


საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 12 მარტს ჩამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

"პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, ბატონი დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს", - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგლობაში.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს 14 მარტს დატოვებს.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება. როდის გაგრძელდება მოლაპარაკება, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

16 მარტს ბრიუსელში გაიმართება ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა ასოცირების ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. სხდომაზე, არსებული ინფორმაციით, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზეც იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG