Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ — კოალიცია


გამოძების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ — ასე ეხმაურება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გადაწყვეტილებას, რომელიც პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლებას აძლევს.

„ჩვენ კვლავაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც, სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ“, - აცხადებს კოალიცია და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„შესაბამისად, ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობა“, - აცხადებს კოალიცია.

„ტვ პირველის“ ეთერში, ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ სასამართლოსგან უფლება მიიღო, ტელეკომპანიიდან ამოიღოს:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

ამასთან, ტელევიზიაში ამბობენ, რომ კონვერტი, რომელიც სიუჟეტშია ნაჩვენები და რომელსაც პროკურატურა ითხოვს, რეალურად არ არსებობს და ეს მხოლოდ რეკონსტრუქციაა.

„ტვ პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი ტვ „იმედთან“ ინტერვიუში და თქვა: „თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც“.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“, სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

XS
SM
MD
LG