ერთი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას, ზურაბ შავლიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის განყოფილებაში ბრალი წარედგინა.
დაკავებულის ადვოკატმა მინარი მურყვაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით (ძალადობა), თუმცა დღეს ბრალის წარდგენის დროს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა დაკავებულს კიდევ რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით ეს მუხლებია: 116 (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი (ოჯახში ძალადობა რამდენჯერმე), 19 – 117-ის მესამე და მეხუთე ნაწილები (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართლო ხვალ, 11 მარტს, დილით იმსჯელებს.
შემთხვევა გურჯაანში 9 მარტს მოხდა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვი შეეწირა მამაკაცის მიერ ცოლზე ძალადობას. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი ქალს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდა, როდესაც მას ხელში ბავშივი ეჭირა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად დაკავებულმა 25 წლის მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ძალადობის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა" - განაცხადეს შს სამინისტროში, თუმცა გარდაცვლილი ბავშვის დედა და მისი ახლობლები ირწმუნებიან, რომ მამაკაცმა ქალს შეშის ღუმელი ესროლა, რომელიც ბავშვს მოხვდა. მიღებული დაზიანებებით მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა მედიისთვის დოკუმენტის შინაარსი ჯერ უცნობია.