უკრაინამ, გერმანიამ და საფრანგეთმა შეიმუშავეს დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.
მისი თქმით, ახლა მხარეები ელოდებიან რუსეთის რეაქციას. კიევი მოელის, რომ მოსკოვი გამოცხადებს „მზადყოფნას ომის შეწყვეტის და ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრაციის, ასევე დატყვევებული უკრაინელი მოქალაქეების განთავისუფლების შესახებ“.
ამასთან, უკრაინის მთავრობა გამოდის წინადადებით, გაფართოვდეს ეუთოს მისიის შესაძლებლობები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის მხრივ.
ერმაკის თანახმად, ამ ეტაპზე გეგმა წარმოადგენს სხვადასხვა ელემენტის ნაკრებს, რომლებიც შეთანხმების შემთხვევაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მოწესრიგების გზამკვლევს დაედება საფუძვლად.
უკრაინის მხარე იმედოვნებს, რომ შეძლებს დოკუმენტი განიხილოს ე.წ. ნორმანდიის ფორმატის ჩარჩოებში, ანუ გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის მონაწილეობით. შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.