Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირში პრეზიდენტის ასარჩევად ემზადებიან, ირაკლი აბუსერიძის გუნდში - გულშემატკივრებთან ერთად მოლის შესაკრავად


საქართველოს რაგბის კავშირის მორიგ ყრილობამდე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა ეთქვათ, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატებზე ზეწოლა მიმდინარეობს და ბოლო დღეებში ეს ზეწოლა უფრო გაძლიერდა. ბობა კვინიხიძის განცხადებით, ამ ბინძური სცენარის მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის - იოსებ ტყემალაძის - მხარდამჭერი გარეშე ძალები ხედავენ, რომ, კვორუმის არარსებობის გამო, კრება შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაეშალოთ,.

10 მარტის ყრილობის მოწინააღმდეგე ვეტერანმა მორაგბეებმა დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს. იქვე გაავრცელეს ინფორმაცია მათ ერთ-ერთ თანამოაზრეზე - სარაგბო კლუბ „არმიის“ პრეზიდენტ ირაკლი სულთანიშვილზე -განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. კვინიხიძემ დამსწრეთ უთხრა, რომ „არმიის“ პრეზიდენტს, რომელიც კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლებით სარგებლობს, თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რათა მის ნაცვლად ყრილობაზე გამოცხადდეს მათთვის სასურველი დელეგატი, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, იოსებ ტყემალაძეს, დაუჭერს მხარს.

თავად ირაკლი სულთანიშვილმაც დაადასტურა, რომ ამ დღეებში პირდაპირ უთხრეს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ კონკრეტული პიროვნების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„რა თქმა უნდა, უარით გავისტუმრე. არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ. შეიძლება ეს თანამდებობა ჩემი თანხმობის გარეშეც დამატოვებინონ, მაგრამ არა მგონია ასე სწრაფად მიაღწიონ მიზანს. ჩემს პოზიციას ყოველთვის დავიცავ - მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმე ქართული რაგბისთვის ძვირფას ხმებს ეხება“, - გვითხრა სულთანიშვილმა.

რაგბის კავშირში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ უნდა გაიმართოს. ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები ყრილობის პარალელურად დარბაზის გარეთ შეიკრიბებიან და, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეეცდებიან გადაარწმუნონ არჩევნებში მონაწილე დელეგატები. უკან დახევას და გაჩერებას არც იმ შემთხვევაში აპირებენ, თუკი კვორუმი შეიკრიბება და იოსებ ტყემალაძე კავშირის პრეზიდენტი გახდება.

ირაკლი აბუსერიძემ გულშემატკივრებს მოუწოდა დადგნენ მის გვერდით ქართული რაგბის გადასარჩენად. საქართველოს რაგბის კავშირმა კი გაავრცელა განცხადება, რომლითაც არჩევნების მოწინააღმდეგეთა ჯგუფს მოუწოდა კანონის ჩარჩოში დარჩენისკენ, ხოლო სამართალდამცავებს - ყრილობის მიმდინარეობისას, დარბაზსა და შენობის მიღმა წესრიგის დაცვისკენ.

„თუ რაგბი ჩვენი თამაშია, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება! თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია! თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით! ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია“ - დაწერა ირაკლი აბუსერიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე.

მოახლოებულ ყრილობასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემაც გააკეთა განცხადება. მან დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააკონტროლონ სიტუაცია და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქართული რაგბი არ დაზარალდეს.

XS
SM
MD
LG