19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში გასამართლებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური განაჩენს მოსამართლის მცხეთის სასამართლოდან უზენაეს სასამართლოში გადასვლის სურვილს უკავშირებს. ადვოკატმა განაჩენს არაკანონიერი და არაკომპეტენტური უწოდა.
"დღეს ჩვენ ვიხილეთ ბატონი სტურუას ყველაზე არაკანონიერი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. არცერთი მტკიცებულება არ ამტკიცებდა იმას, რაც სასამართლომ გამოგვიცხადა. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს იყოს ერთგვარი გარანტია, რომ ბატონ სტურუას ხვალ და ზეგ ვიხილავთ უზენაეს სასამართლოში და ზუსტად ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი... ეს გადაწყვეტილება იქამდე ჰქონდა მიღებული, ვიდრე არსებით განხილვას დაიწყებდა", - თქვა ადვოკატმა.
სხდომას ესწრებოდა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა. ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებამდე, სანამ მოსამართლე შევიდოდა სხდომათა დარბაზში, შეურაცხყოფას აყენებდნენ პროკურორებს და აგრესიულები იყვნენ.
დღეს ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოსამართლემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობა მიესაჯათ
- არჩილ გაგნიძეს - 16 წელი;
- ნიკოლოზ რევაზიშვილს - 16 წელი;
- ვახტანგ ჩიქოვანს - 16 წელი;
- 2 არასრულწლოვნის ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.