Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: რა გამოძიება, სისულელეა


"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან ამბობს, რომ "ტვ პირველის" ეთერში 6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე საუბარი "სისულელეა" და ჩანაწერებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. საუბარია სატელეფონო ჩანაწერზე, რომელიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათში სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის და ბერას ყოფილი მენეჯერის, ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის საუბარი ისმის. ამ ჩანაწერის შინაარსის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, მოძებნონ და "ჭკუა ასწავლონ" იმ პირებს, ვინც ფეისბუკზე ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარებს წერს მასზე.

"რა გამოძიება უნდა დაიწყოს? რაზე უნდა დაინტერესდეს? რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება, როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი?" - კითხულობს მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან და გავრცელებულ სატელეფონო საუბრებს "ფაბრიკაციას" უწოდებს.

"ეს არის ერთმანეთის დაპირისპირების მავნებლური გზა. ნუ გაახსენებენ საზოგადოებას, დავიწყებული იყო ეს ყველაფერი და ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც მაშინ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა. ყველა ადამიანზე ცდილობდნენ, რომ ჩანაწერი ჰქონოდათ. როგორც კი დაიძაბებოდა სიტუაცია, პირდაპირ ხდებოდა ყველა ადამიანზე ჩანაწერების გამოქვეყნება.

ძალით ჩაჯდა ადამიანი [ნიკა მელია] ციხეში, რომ გამოეწვია მსოფლიო სკანდალი, იმისთვის, რომ აი, ნახეთ, როგორ დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარული აქვთ. ახლა დაიწყეს ჩანაწერებზე საუბარი", - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი, მიხეილ სარჯველაძე. დღეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობით მიმართა გენერალურ პროკურატურას პარტია "ლელომ". ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი, ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე აქცია გამართეს აქტივისტებმაც.

საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ - მას არც საქართველოს მთავრობა გამოხმაურებია. ჩანაწერის გავრცელებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ განცხადება გაავრცელა პარტია "ქართულმა ოცნებამ", სადაც არ უარყვეს გავრცელებულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა, მხოლოდ თქვეს, რომ ის იმ დროს არის გაკეთებული, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ იყო და საუბრის მონაწილე არც ერთ პირს საჯარო თანამდებობა არ ეკავა. "ქართული ოცნების" ვერსიის მიხედვით, ჩანაწერი 2010-2011 წელს მიყურადების შედეგად ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია, რომელიც ასახავს "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას კომუნიკაციას.

XS
SM
MD
LG