სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პაატა სალიას მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, რომელსაც „ტაბულა“ ავრცელებს, რეორგანიზაციის მიზეზია პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლება.
დოკუმენტის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს და იგი მოიცავს არსებული სტრუქტურის გაუქმებასა და ახლის დამტკიცებას. დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაცია შეეხება სამუშაო ძალის შემცირება-გადაადგილებასაც. თუმცა, როგორც "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა იგეგმებოდეს:
„არა, ამგვარი რამე არ არის ცალსახად ამ ეტაპზე და არც შემდგომ ეტაპზე. არ ვფიქრობთ, საინფორმაციო ნაწილს ან ჟურნალისტებს რაიმე შეეხოს საერთოდ. არც ერთს. არც გადაცემებს, პირიქით, გვინდა დავამატოთ. შესაძლოა გარკვეული ცვლილებები მოხდეს პროდაქშენის ნაწილში, თუმცა ძირითადი რეიტინგული გადაცემები რაც არის, ყველა დარჩება ეთერში. ანუ ეს არის ამოცანა, რომ 2021 წელს საკმაოდ გავზარდოთ რეიტინგი და შემდეგ წელს გავიდეთ უკვე პირველ ადგილზე“, - განაცხადა პაატა სალიამ. მისი თქმით, ტელეკომპანია შემცირებული შემოსავლებით და მეტად ეფექტიანი მენეჯმენტით უკეთესი შედეგის მიღებას გეგმავს. პაატა სალიას თქმით, რეორგანიზაციის პროცესში კომპანიას აქვს ამბიციური გეგმები და აპირებს, სატელევიზიო ბადე უფრო მრავალფეროვანი გახადოს, როგორც გასართობი, ასევე პოლიტიკური გადაცემებით.
მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, არხი თანამშრომელთა ნაწილმა დატოვა. მათ მოგვიანებით დააფუძნეს ტელეკომპანია „მთავარი არხი“.