საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას "ნამახვანჰესზე" სასაუბროდ რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა. მინისტრებმა დავალება მთავრობის სხდომის დაწყებამდე მიიღეს.
"ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი... პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, მონაწილეობა მიიღონ შესაბამის საკომიტეტო მოსმენებში პარლამენტში. მნიშვნელოვანია, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.
კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.
შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.
ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა.