თუ აქამდე კერძო სკოლებს საფასურის გადაუხდელობისა და დაგროვილი დავალიანების გამო მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა არ შეეძლოთ, ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ მათ ამის უფლებას მისცემს. თუმცა მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე გარკვეული ვალდებულებები სკოლასაც ექნება. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც ამ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ამილახვარმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ცვლილებებს ბიძგი მისცა დეპუტატებისათვის კერძო სკოლების დირექტორთა ასოციაციის მიმართვამ.
რა იცვლება?
"კერძო სკოლის უფლება-მოვალეობა მოსწავლის მიმართ", მუხლი 33-2 - აქ წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი სკოლის საფასურს არ ან ვერ გადაიხდის ერთი სემესტრის განმავლობაში, კერძო სკოლას შეეძლება მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს - გარიცხოს.
აქამდე, კანონით, კერძო სკოლას ეს ბერკეტი არ გააჩნდა - რაც უნდა დიდი ყოფილიყო დავალიანება, ის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებაზე მოსწავლეს უარს ვერ ეტყოდა და ვერც სკოლას დაატოვებინებდა.
საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველა ბავშვი უნდა უზრუნველყოს საბაზისო სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობაზე - უფასოდ.
მოსწავლეებისათვის საბაზისო განათლების ხელმისაწვდომობის ვალდებულება აქვთ კერძო სკოლებსაც.
საკანონნმდებლო ცვლილებების ავტორები ამბობენ, რომ სკოლისადმი არსებული დავალიანება არ შეუშლის ხელს ბავშვის სხვა კერძო ან საჯარო სკოლაში გადაყვანის პროცესში იმ მშობლებს, რომლებიც ვერ ან არ იხდიდნენ საფასურს, ან სულაც სხვა მიზეზის გამო სურდათ სკოლის შეცვლა საკუთარი შვილებისათვის.
რა შემთხვევაში ერევა პროცესში სახელმწიფო?
ახალი კანონი სახელმწიფოს, კერძოდ კი, განათლების სამინისტროს ავალდებულებს პროცესში ჩართვას მაშინ, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ კერძო სკოლიდან ბავშვი საჯარო სკოლაში გადაიყვანოს - სამინისტროს მოვალეობა იქნება ბავშვის საჯარო სკოლაში გადაყვანის მყისიერი უზრუნველყოფა.
რა იქნება კერძო სკოლის ვალდებულება?
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სკოლა ვალდებულია მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის დღესვე წერილობით აცნობოს სამინისტროს და მეორე დღესვე გასცეს სრული საჭირო დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია მობილობით ბავშვის სხვა კერძო ან საჯარო სკოლაში გადასაყვანად.
დღემდე, როგორც ცვლილებების ავტორები აცხადებენ, კერძო სკოლები მშობლებს არ აძლევდნენ ბავშვის პირად საქმეს და ამას იყენებდნენ დაგროვებული დავალიანების „ამოღების“ ბერკეტად.
თუ ამ წესს სკოლა დაარღვევს და დოკუმენტაციის გაცემაზე უარს იტყვის, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის დავალიანება აქვს მოსწავლეს, კერძო სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდება.
თუ სკოლიდან გადაყვანის მიზეზი სხვაა და ფული წინასწარ გადახდილი?
ამ შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია, მშობელს უკან დაუბრუნოს წინსწრებით გადახდილი თანხა, ავანსი.
კერძო სკოლა ასევე ვალდებულია:
თუ მოსწავლეს დავალიანება დაუგროვდა მიმდინარე სასწავლო სემესტრის განმავლობაში, სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს სემესტრის დასრულების საშუალება, რათა არ შეუზღუდოს მას განათლების მიღების უფლება და მხოლოდ შემდეგ გადავიდეს ის სხვა სკოლაში.
ვინ და როდის დაფარავს დავალიანებას?
სკოლისათვის გადაუხდელი თანხა ვალად რჩება. ხოლო ის, თუ როდის ან რა გრაფიკით წარიმართება ეს პროცესი, მშობელსა და კერძო სკოლას შორის ხელშეკრულების და სამართლებრივი მოლაპარაკების საკითხია. დავალიანება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიფაროს, თუმცა მოსწავლისათვის სტატუსის შეჩერების შემდეგ, ეს დავალიანება მას ხელს არ შეუშლის მალევე გააგრძელოს სწავლა სხვა სკოლაში.
ზოგადი განათლების კანონში ცვლილების კანონპროექტის კიდევ ერთი ინიციატორი, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ფეისბუკზე საჯარო პოსტში წერდა, რომ ცვლილება, სინამდვილეში, „ბავშვების უფლებებს აძლიერებს“.
დაგეგმილ ცვლილებებს განათლების სპეციალისტების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა და შეაფასა როგორც „ფრაგმენტული და არასრულყოფილი“.
მაგალითად, ნათია გორგაძეს უცნაურად ეჩვენება ის, თუ რატომ ერევა სახელმწიფო კერძო სკოლისა და მშობლის ურთიერთობაში მხოლოდ ამ საკითხში და რატომ არ ცდილობს, მაგალითად, კერძო სკოლების ბავშვების უზრუნველყოფას იგივე სიკეთეებით, რაც აქვთ, მაგალითად, საჯარო სკოლის მოსწავლეებს - უფასო სახელმძღვანელობის პროგრამა იქნება ეს, "ბუკის" პროგრამა თუ სხვა.
„ჩემი აზრით, ეს მხარდაჭერა ძალიან ფრაგმენტულია და კერძო სკოლის მოსწავლეებს მთლიანი სივრცის მიღმა ტოვებს. ჩემთვის საინტერესოა, მაგალითად, თუ არის დათვლილი რამდენია გადახდისუუნარო მშობელი ან რა მოხდა ისეთი, რომ მათ აღარ აქვს გადახდის შესაძლებლობა. იქნებ უკეთესი გამოსავალი ყოფილიყო, სახელმწიფო სწორედ ამ კუთხით ჩარეულიყო? სკოლასაც და სახელმწიფოსაც ერთობლივად მიეღოთ კომპრომისული გადაწყეტილება და ნაწილობრივ მაინც დაეფინანსებინა ასეთი ბავშვების სწავლა?“, - უთხრა ნათია გორგაძემ რადიო თავისუფლებას.
საკანონმდებლო ცვლილებებს ჯერ პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ, შემდეგ კი კანონპროექტს კენჭს პლენარულ სესიაზე უყრიან.