Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს, საუბარშიც კი უნდა იყოს თავშეკავებული


"ქართული ოცნების" ლიდერი, გია ვოლსკი მათი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს და აცხადებს, რომ რაიმე აგრესიაში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. ასე გამოეხმაურა დეპუტატი ოპოზიციური არხის, "ფორმულას" წამყვანის ვახო სანაიას მიმართ თავდასხმას, რომელიც ამ ინციდენტს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

"დიდი ბოდიში და კრიტიკაზე უარს ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ. თქვენი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ადამიანური დამოკიდებულებიდან დაწყებული საქმიანით დასრულებული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს... ვისაც ჩვენ მიმართ აქვს გარკვეული მხარდაჭერა, იმან არათუ არ უნდა გააკეთოს რაიმე აგრესიული მოქმედებები, საუბარშიც კი უნდა იყოს გაცილებით თავშეკავებული", - აცხადებს ვოლსკი.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

XS
SM
MD
LG