"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოთმული ნეგატიური მოლოდინები. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ეს "შიში" არ გამართლდება.
"დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა შესაძლოა დასავლურ სტანდარტებს დააშოროს. თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელად დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის", - განაცხადა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორე პოლიარიზებასთან დაკავშირებით ადრე ნათქვამი ფრაზა:
"პოლარიზებას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში. ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა".
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.
შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.
საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.