Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი მელიას დაკავების შემდეგ: ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში


ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, ნიკა მელიას დაკავებას და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება. ის საქართველოს ახსენებს, რომ არსებობს შესაძლებლობა ნატოში გაწევრიანებისთვის და ამისთვის რიგი პირობების დაცვაა საჭირო.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმად შემაშფოთებელია. ნატო ელის, რომ საქართველო - ახლო პარტნიორი და ასპირანტი - შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ძალიან ბევრი იმუშავა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით, პოლარიზებული რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს აპატურაი ფეისბუკის გვერდზე. მისი განცხადების სულისკვეთება განსხვავებულია დეკემბერში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებისგან, როცა ის ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის დაუშვებლობაზე საუბრობდა.

ნიკა მელიას დაკავებას დღესვე გამოეხმაურა ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისი ყველაზე მეტად ქართველ ხალხს აზიანებს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ.

XS
SM
MD
LG