Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე 


საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ განცხადებას აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

„შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მან ოპოზიციური პარტიების სახელით, ფასილიტატორების შუამავლობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა ხელისუფლებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დანიშვნის მოთხოვნით.

პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხემ კიდევ უფრო გაამწვავა.17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით გადაიდო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი აღსრულების ღონისძიება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

XS
SM
MD
LG