Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა


“ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარებით. პარლამენტის გადაწყვეტილება ძირითადი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას კანონიერი იმუნიტეტის გაუქმებისა და პოლიტიკოსის შესაძლო დაპატიმრების შესახებ ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას და აჩენს კითხვებს შერჩევითი სამართლისა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

განცხადებაში გამოთქმულია წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ჯერჯერობით არ აქვთ გამოყენებული ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოებები გადაწყვიტონ. ლიეტუვის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც საზოგადოებას კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს და განხეთქილებას გამოიწვევს. სამინისტრო მოუწოდებს ასევე თავი შეიკავონ მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებისგან.

„სიტუაციის შემდგომი ესკალაცია მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ბოლოდროინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კონტექსტში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის სიტყვებით მთავრდება. მინისტრი პარტნიორებს საქართველოში მოუწოდებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს.

”ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, თავი შეიკავონ წითელი ხაზების გადაკვეთისგან, ისარგებლონ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობით და მოძებნონ სიტუაციის ნორმალიზების გზები, ასევე დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს”, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

დღესვე, 18 თებერვალს, ლიეტუვის ელჩი საქართველოშიანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე შესვლამდე მან მცირე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და სოლიდარობა გამოხატა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

„თქვენ ყველამ იცით, რომ ლიეტუვის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. მე აქ ვარ იმისათვის, რომ გამოვხატო სოლიდარობა მიმდინარე მოვლენების მიმართ და ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს",- განაცხადა ლიეტუვის ელჩმა საქართველოში. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დატოვების შემდეგ მან მედიასთან აღნიშნა, რომ ლიეტუვა, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა ყველაფერს გააკეთეს, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები განახლდეს.

მოლაპარაკებების განახლების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მან ოპოზიციური პარტიების სახელით, ფასილიტატორების შუამავლობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა ხელისუფლებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დანიშვნის მოთხოვნით.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით გადაიდო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი აღსრულების ღონისძიება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

XS
SM
MD
LG