„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება გონს უნდა მოვიდეს და შეწყვიტოს ნიკა მელიას დევნა.
ბოკერიამ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება, მედიას უთხრა, რომ პროკურატურას შეუძლია უკან წაიღოს მელიას დაპატიმრების მოთხოვნა.
გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება, რომელმაც „გავრილოვის ღამე“ მოაწყო, ოპონენტის წინააღმდეგ მოქმედებს უტიფარი და პოლიტიკურად მოტივირებული მეთოდებით.
მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილებმა შენობაში არ შეუშვეს შსს-ს წარმომადგენლები, გიგა ბოკერიამ არ გამორიცხა, რომ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს
„ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მე არ ვაპირებ, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ ადამიანების დაუმორჩილებლობისთვის დაკავება, მათ შორის ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეკრებილებმა შენობაში არ შეუშვეს შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლმენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.
17 თებერვალს, მოამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა. მელია, რომელიც სასამართლოში სხდომას არ დასწრებია და ამჟამადაც "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში იმყოფება, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.