8 თებერვალს წერეთლის გამზირზე მომხდარი ფაქტის გამო ადვოკატს დღემდე არც შს სამინისტროდან დაკავშირებიან და არც პროკურატურიდან. 12 თებერვალს შოთა თუთბერიძემ და მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართეს.
ადვოკატი პოლიციელებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. გენერალურ პროკურატურაში შეტანილი განცხადებით შოთა თუთბერიძე მოითხოვს 15-მდე პოლიციელის დასჯას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით და მათ შორის არის - ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლა (364-ე მუხლი) და განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება (147-ე მუხლი). განცხადებით მოთხოვნილია ასევე პოლიციელების გათავისუფლება და თუთბერიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.
„ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მთელი სისტემა არ გადაეფარება დამნაშავე პოლიციელებს და უკლებლივ ყველა დაისჯება... ჩემს დაკავებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით ექვსმა პოლიციელმა, რომელთაგანაც ზოგიერთის გვარი და სახელი ვიცი. თუმცა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავეა ადგილზე მყოფი ყველა (თხუთმეტამდე) პოლიციელი, მათ შორის ისინი, რომლებიც მე, როგორც ადვოკატს, არ მიშვებდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან... რაღაც პერიოდი დაველოდები გამოძიებას და შემდეგ აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
შოთა თუთბერიძის უფლებებს ამჟამად ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ და ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავენ. ის ჩვენთან საუბრისას ხაზს უსვამს 8 თებერვალს, წერეთლის გამზირზე მომხდარი ფაქტის გავლენას დემოკრატიულ საზოგადოებაზე.
„მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აკავებენ ადვოკატს თავისი პროფესიული უფლებამოსილების შესრულების დროს. ეს არის აშკარა მაგალითი იმისა, რომ არ არსებობს მართლმსაჯულება და მოშლილია პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედებების შემაკავებელი რეალური და ეფექტური მექანიზმი. ჩვენს ხელთ არსებული საქმეების მიხედვით გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დაკავების უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები.
დაუსჯელობით არის წახალისებული პოლიციელთა თვითნებობა. კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით დაცული ადამიანის უფლებები საქართველოში ხელწამოსაკრავ საგნად იქცა და ფაქტია, რომ უკვე ადვოკატებსაც აღარ ერიდებიან. ამიტომ ათმაგად და ასმაგად მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე პოლიციელები დროულად გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ ჩოფიკაშვილი.
მისი შეფასებით, ახლა მხოლოდ გენერალურ პროკურატურას შეუძლია იმის დამტკიცება, რომ - „ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“.
„გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - მოკლედ მოუჭრეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში. ჩოფიკაშვილი გვეუბნება, რომ ადვოკატის უკანონო დაკავების ფაქტი ჯერ კიდევ 9 თებერვალს მოხვდა ახალ ამბებში და გამოძიების დაწყება პროკურატურას ამ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც თავისუფლად შეეძლო.
რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხი არ გასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლის გენერალურ ინსპექციასაც ფაქტის შესახებ ინფორმაცია 8 თებერვალს, შოთა თუთბერიძემ შემთხვევის ადგილიდან მიაწოდა; ხოლო მეორე დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრს საგანგებო წერილი გაუგზავნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.
„გთხოვთ პირად კონტროლზე აიყვანოთ აღნიშნული საქმე, რათა აღნიშნული შეზღუდვებით არ იქნას დარღვეული საადვოკატო საქმიანობის ჩაურევლობისა და ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებების დაცვის იმპერატიული პრინციპები და შესაბამისი რეაგირების თაობაზე აცნობოთ ადვოკატთა ასოციაციას და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს“, - ვკითხულობთ ამ წერილში.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადება ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ „ადვოკატის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არგუმენტირებული და საფუძვლიანია. კერძოდ, ადგილი აქვს ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვას“.
ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები განმტკიცებულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით - „ადვოკატი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია”, ხოლო „დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა” წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 364-მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ეს ყველაფერი დავით ასათიანის სახელით გაგზავნილ წერილში ადვოკატთა ასოციაციამ შს მინისტრსაც შეახსენა.
ერთადერთი, რაც 8 თებერვლის შემდეგ მოხდა, შოთა თუთბერიძის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაბარება და გასაუბრება იყო. თუმცა, როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი აღნიშნავს - „პოლიციელების მიერ 8 თებერვალს ჩადენილი დანაშაულები არ წარმოადგენს ინსპექტორის ქვემდებარე დანაშაულებს“.
რა მოხდა 8 თებერვალს?
„5-6 პოლიციელი ზურგიდან დამესხა თავს, გადამიგრიხეს ხელები, გადამაყუდეს „კაპოტზე“, ხელბორკილები დამადეს უკნიდან. სათვალეს ვატარებ, მივარდებოდა სათვალე და ვთხოვე - ხელბორკილები წინა მხარეს მაინც გადმოეტანათ, მაგრამ არა...
ჩამსვეს პოლიციის ავტომანქანაში, ჯერ მატარეს აქეთ-იქით და მერე ავტომანქანა შუქებჩამქრალი გააჩერეს რაღაც ეზოში ისე, რომ ქუჩიდან არ ვჩანდით... თათბირობდნენ რაღაცას, სადღაც რეკავდნენ. მე არსად დამარეკინეს... სადღაც ორი-სამი საათი ვყავდი მათ უკანონოდ დაკავებული. საპირფარეშოშიც არ მიშვებდნენ, ვიდრე არ ვუთხარი, რომ ეს ქმედება არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდებოდა“, - უყვება რადიო თავისუფლებას ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც პოლიციელებმა ბოლოს დაუმორჩილებლობის ბრალდებით შეუდგინეს ოქმი. სასამართლო სავარაუდოდ ორშაბათს, 15 თებერვალს გაიმართება.
ვიდეომასალაში, რომელიც შოთა თუთბერიძემ 8 თებერვალს დაკავებამდე გადაიღო, ჩანს, რომ პოლიციელები მას არც დაცვის ქვეშ მყოფ პირთან მიახლოების უფლებას აძლევენ და არც იმას უხსნიან - თუ რატომ ეშლება ხელი ადვოკატს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
მოქმედება თბილისში, წერეთლის გამზირზე ხდება. სამართალდამცველებმა გააჩერეს ავტომობილი, რომლითაც თუთბერიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი გადაადგილდებოდა პოლიციის განყოფილებისკენ, სადაც იმ საღამოს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იყო დაბარებული. მისი ზარის შემდეგ, შემთხვევის ადგილას მივიდა ადვოკატი თუთბერიძეც და ცდილობდა გაერკვია, თუ რა ხდებოდა.
„როცა მივედი, ვნახე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იყო დაკავებული, მაგრამ მისი თანმხლები პირი ჰყავდათ პოლიციელებს მანქანაში ჩაკეტილი. პასუხი ვერავისგან მივიღე - რატომ ჰქონდა ამ ადამიანს გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული. მერე ეს დაკავებული პირი ცუდად გახდა, ასთმური შეტევა დაეწყო და თავიდან პოლიციამ უარი თქვა წამლის მიცემაზე... სასწრაფოს გამოძახებაზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე მიაცემინეს წამალი თანმხლებ პირს.
ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით 2 საათი და შემდეგ, დავინახე, რომ ეს პირი ჩასვეს ჩვეულებრივ ავტომობილში, ხოლო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩასვეს პოლიციის ავტომობილში და სადღაც უპირებენ წაყვანას... აქაც ჩავერიე - სად მიგყავთ-მეთქი. დაკავებულები არ არიანო, გამოკითხვაზე მიგვყავსო.
მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთხელ შევახსენე პოლიციელებს, რომ ამ პირებს პირველივე წუთიდან ჰქონდათ ადვოკატთან ურთიერთობის უფლება, ხოლო გამოკითხვა ნებაყოფლობითი პროცედურაა და ძალდატანებით წაყვანა კანონდარღვევა იყო...
მერე მეც დამაკავეს და როცა გამათავისუფლეს, გავარკვიე, რომ ორივე პირი უკვე გამოშვებული ჰყავდათ. მათზე არ არის შედგენილი დაკავების ოქმები. სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ პირისთვის (რომელიც მანქანაში ჰყავდათ ჩაკეტილი) გადაუხდელ კრედიტთან დაკავშირებით საფოსტო გზავნილის ჩაბარება უნდოდათ“, - გვიყვება თუთბერიძე.
ტელეფონი, რომლითაც ვიდეომასალა გადაიღო, ადვოკატს დაკავების დროს დაუვარდა და მისი აღება და დამალვა თანმხლებმა პირმა მოახერხა.
თუთბერიძე გვეუბნება, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და რადაც უნდა დაუჯდეს, დამნაშავე პოლიციელების დასჯას მიაღწევს, რათა მსგავსი ფაქტი საქართველოში არასოდეს განმეორდეს.