საქართველოს პროკურატურა საქართველოს პარლამენტს მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. ინფორმაციას და წერილის ასლს თავად პროკურატურა ასაჯაროებს.
მსგავსი თანხმობა პროკურატურას პარლამენტისგან იმ მიზეზით სჭირდება, რომ ნიკა მელია, მანდატის შეწყვეტაზე მისი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე დეპუტატია - კანონმდებლობა კი მსგავს პროცედურას ითვალისწინებს.
"კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე... ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში, გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია", - აღნიშნავს პროკურატურა.
ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა დღეს ეწურება. მელია ამბობს, რომ არც ის და არც მისი თანაპარტიელები ამ თანხას არ გადაიხდიან და ამის გამო "ვერ დაიჭერენ".
მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.