ქეთის შვილი მეორე კლასშია. მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების ვალდებულება მეხუთე კლასიდან დააწესეს, ქეთი ამბობს, რომ შვილს სკოლაში პირბადით გაუშვებს.
ქეთიმ 7 წლის შვილს, უკვე დიდი ხანია, ნიღბის სწორად მოხმარების წესები ასწავლა და ფიქრობს, რომ ბავშვს სკოლაში პირბადით სიარული არ უნდა გაუჭირდეს:
„სწორი ინსტრუქტაჟის შემდეგ მშვენივრად ახერხებს პირბადის სწორად მოხმარებას. ვაპირებ, რომ პირბადე გავუკეთო კიდეც და გავატანო. თუმცა, რაკი დაწყებითში არაა სავალდებულო პირბადის ტარება, არ ვიცი, რამდენად გაიკეთებს, თუკი დაინახავს, რომ სხვებს არ უკეთიათ. გარდა ამისა, არც არავინ გაუკონტროლებს პირბადის გამოცვლის ვადებს. ჩემი აზრით, პირველი კლასიდანვე სავალდებულო უნდა იყოს ნიღბის ტარება და სხვა ქვეყნების მსგავსი პროტოკოლით იმართებოდეს ეს პროცესი. სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს აწვდის ინფორმაციას, რამდენი და როგორი პირბადე გაატანოს ყოველდღიურად. სკოლაში აკონტროლებენ განსაზღვრული პერიოდულობით პირბადის გამოცვლას და მოხმარებული პირბადის უსაფრთხოდ გადაგდებას და ა.შ.“.
განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგულაციების თანახმად, რომელიც სკოლებში პირბადის მოხმარების წესს შეეხება, მხოლოდ ორი რეკომენდაციაა ხაზგასმული. ერთი მოსწავლეებისთვის და მეორე მასწავლებლებისთვის:
- სკოლის საერთო სივრცეებში მეხუთე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით;
- სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით.
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის ბებია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახმა სკოლის ადმინისტრაციისგან მიიღო შეტყობინება, რომ ბავშვები სკოლაში ნიღბით უნდა გამოცხადდნენ. შეტყობინებაში მითითებული იყო ისიც, რომ ბავშვები ნიღბებით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს. სხვა ინფორმაცია თუ რეკომენდაცია პირბადეების მოხმარების წესებისა თუ რაოდენობის თაობაზე, მეთერთმეტეკლასელი თეას ოჯახს არ მიუღია.
სოფოს მეხუთე და მერვეკლასელი შვილები ჰყავს. მისი თქმით, ერთი წელია ბავშვები ყველგან ნიღბით დადიან, შესაბამისად, არც სკოლაში გაუჭირდებათ პირბადით სიარული:
„ვემხრობი პირბადეს, რადგან სხვა გზა არაა. უკვე ჩვევაში აქვთ ბავშვებს, შეიძლება მე უფრო დამავიწყდეს სახლიდან გასვლის წინ პირბადის გაკეთება, ვიდრე მათ. რომ ვუთხარი, სკოლაშიც უნდა გეკეთოთ-მეთქი, ძალიან მშვიდად მიიღეს, მგონი სხვანაირად არც მოელოდნენ“.
სკოლაში პირბადით სიარულის ვალდებულებას არ ემხრობა ერთ-ერთი მშობელი, რომელიც თვლის, რომ დახურულ სივრცეში დიდი ხნით პირბადით ჯდომა, ბავშვების ჯანმრთელობისათვის საზიანოა:
„ბავშვები ვერ იკავებენ თავს და ხშირად იკიდებენ პირბადეზე ხელს, ხან აიწევენ, ხან ჩამოიწევენ, რაც ზრდის ინფიცირების რისკს. გარდა ამისა, სანამ ზამთარია, ალბათ, ფანჯრების გაღება ვერ მოხერხდება რეგულარულად და დახურულ სივრცეში ბავშვისთვის პირბადის ტარება რამდენიმე საათით, ჯანმრთელობისთვის საზიანო მგონია“.
„ბავშვი ამბობს, ვერ ვსუნთქავ პირბადეშიო, ამიტომ ვერ დავაძალებ“, - ამბობს მეოთხეკლასელი ბიჭის დედა.
კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი კატეგორიული წინააღმდეგია, მისმა შვილმა ატაროს პირბადე: „ვეღარ მივაგენი იმ სტატიას, სადაც აღწერილი იყო ის მავნე ზეგავლენა, რასაც ეს გამოიწვევს როგორც გონებრივ განვითარებაზე, ასევე ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასე რომ, მე წინააღმდეგი ვარ“.
„მე ბავშვს არ ვუკეთებ და არც გავუკეთებ ნიღაბს. ეს უფრო სადიზმი მგონია, ვიდრე ზრუნვა და მოფრთხილება!“ - გვპასუხობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
ორჯერ ძვირი საბავშვო პირბადე
15 თებერვლიდან, სასწავლო პროცესი მთელ საქართველოში სასკოლო სივრცეში ინაცვლებს. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ თებერვლის დასაწყისში მიიღო. იმ რეგულაციების ჩამონათვალში, რომელიც სკოლებმა სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ დასაწყებად უნდა შეასრულონ, თავდაპირველად არ იყო რეკომენდაცია მოსწავლეებისათვის სკოლაში პირბადით სიარულის შესახებ. თუმცა, რამდენიმე დღის თავზე, მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ნაწილმა განაცხადა, რომ მოსწავლეების პირბადის გარეშე ყოფნამ, შესაძლოა, სკოლებში ვირუსის ახალი კერები შექმნას, გადაწყდა, რომ მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებისათვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. რაც შეეხება დაწყებით კლასებს, აქ უკვე მშობელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება, გაუკეთოს თუ არა შვილს სკოლაში პირბადე.
როდესაც საქმე ეხება ბავშვებსა და პირბადეებს, ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ნიღაბი, პირველ რიგში, მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული და ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ფაქტორია პირბადის ზომა.
დღეს, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში საბავშვო პირბადეები ჩვეულებრივ პირბადეებზე ორჯერ ძვირი ღირს. თუკი ერთი ჩვეულებრივი, ე.წ. სამედიცინო ნიღბის შეძენა მომხმარებელს მაქსიმუმ 20 თეთრად შეუძლია, ერთ საბავშვო ნიღაბში 40 თეთრის გადახდა მოუწევს. სააფთიაქო ქსელის ბარათის ქონის შემთხვევაში კი - 38 თეთრის. აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ნიღბებს ყველა სააფთიაქო ქსელში ვერ შეიძენთ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და საბავშვო პირბადეების ღირებულების შესახებ კითხვები დაუსვა. როგორც სამსახურის წარმომადგენელმა განგვიმარტა, პირბადის მაღალი ფასი დამოკიდებულია მომწოდებლის პირობებზე და ამ ეტაპზე, უცნობია, მოხერხდება თუ არა საბავშვო ნიღბებზე ფასის დაწევა და მისი ღირებულების სულ მცირე ჩვეულებრივი ნიღბის ფასთან გათანაბრება: „თუკი სწავლის დაწყებასთან ერთად გაიზრდება საბავშვო პირბადეებზე მოთხოვნა და ჩვენც მივიღებთ ფასის ცვლილების გადაწყვეტილებას, ამას აუცილებლად დავაანონსებთ“.
ეპიდემიოლოგი და იმუნოლოგი ბავშვებსა და ნიღბებზე
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, ევროპული ქვეყნები, სკოლებში მოსწავლეების პირბადით სიარულის სხვადასხვა პრაქტიკას ირჩევენ. ქვეყნების ნაწილში მოსწავლეებისათვის პირბადით სიარული პირველივე კლასიდან სავალდებულოა. ნაწილი ქვეყნებისა კი მხოლოდ მაღალი კლასების მოსწავლეებს სთხოვს სკოლაში ნიღბით სიარულს.
სკოლებში ნიღბებით სიარული სავალდებულოა საფრანგეთში, ბელგიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, შოტლანდიაში, გერმანიის ნაწილში. შეერთებული შტატების გარკვეულ შტატებში. გასული წლის მაისიდან მოიხმარენ სკოლის მოსწავლეები ნიღბებს სამხრეთ კორეაში.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის სკოლები უკვე თვეებია ამგვარ პრაქტიკას მისდევენ, არცერთი მონაცემი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირბადის ხანგრძლივი ტარება აზიანებს მოზარდის ჯანმრთელობას, ამ დრომდე, არ გამოქვეყნებულა.
ბიძინა კულუმბეგოვი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ მოსწავლეების უნიღბოდ სიარულს, შესაძლოა, სერიოზული რისკის წინაშე დაეყენებინა ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და სკოლები ეპიდაფეთქების კერებად გადაექცია. ის უსაფუძვლოს უწოდებს მშობლების შიშს, რომლებიც თვლიან, რომ პირბადის მოხმარების გამო ბავშვების ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგება:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პირბადის სტრუქტურა, რამდენი ფენისგანაც არ უნდა შედგებოდეს ის, არანაირ ზიანს არ აყენებს არც ზრდასრულებისა და არც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. კორონავირუსით გამოწვეული ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ამას მოგვიტანს, მაგალითად, პირბადის ტარება. ერთ-ერთი კერძო სკოლა დამიკავშირდა და მთხოვა, რომ მათი მოსწავლეებისათვის ჩავწერო ვიდეო პირბადის მოხმარების წესებსა და მნიშვნელობაზე. ეს ძალიან კარგი მიდგომაა, როდესაც მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები მოზარდებს, ბავშვებს, პატარ-პატარა ვიდეოებით ასწავლიან და უხსნიან პირბადის მოხმარების წესებს, უყვებიან მისი მნიშვნელობის შესახებ. საგანმანათლებლო სამუშაოები ძალიან ბევრ რამეს შეცვლის თავად მშობლების შეხედულებებშიც, რაც დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“.
ბიძინა კულუმბეგოვი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა სკოლებში პირბადის მოხმარების ვალდებულების შესახებ, მას აკითხავენ პაციენტების მშობლები და სთხოვენ ცნობის დაწერას, რომ მათი შვილებისთვის პირბადის ტარება არ არის რეკომენდებული:
„პაციენტებმა, რომელთა დიაგნოზია ბრონქული ასთმა, მთხოვეს, მივცე ცნობა, რომ პირბადე არ გაიკეთონ, რადგან ეს მათ დისკომფორტს უქმნის. ცნობა მივეცი, მაგრამ, ამასთანავე, ავუხსენი და რეკომენდაციაც ჩავუწერე ცნობაში, რომ თუკი პაციენტს აქვს ასთმა, რომელიც კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში, ერთ-ერთი სერიოზული რისკფაქტორია, მაშინ, მე, როგორც ექიმი, ვითხოვ, რომ ბავშვი დარჩეს ონლაინრეჟიმში და არ წავიდეს სკოლის სივრცეში. ან თუკი ბავშვს აქვს ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობის სინდრომის მოვლენები, უჭირს პირბადის ტარება, სახლში ჰყავთ რისკჯგუფში შემავალი ოჯახის წევრები, მაშინ, უმჯობესია, ბავშვმა სწავლა ონლაინრეჟიმში გააგრძელოს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და არ შეიძლება, ასე ხელაღებითა და უსაფუძვლოდ ვილაპარაკოთ, რომ პირბადე ზოგადად ბავშვების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა“.
ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი თვლის, რომ სწორია მოსწავლეების ასაკობრივ კატეგორიებად დაყოფის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ნიღბების ტარების ვალდებულება მხოლოდ მაღალკლასელებს ექნებათ. გარდა ამისა, მაია ბუწაშვილის თქმით, თუკი მოსწავლეს ისეთი ქრონიკული დაავადება აქვს, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის უკმარისობა და შესაძლოა, ნიღბის მოხმარებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს, ამის შესახებ საქმის კურსში უნდა იყოს სკოლა და უმჯობესი იქნება, თუკი მოსწავლე, ამ ეტაპზე, ონლაინრეჟიმში გააგრძელებს სწავლას:
„მცირე ასაკში განსაკუთრებით რთული იქნება ნიღბის სწორად მოხმარების კონტროლი და, შესაბამისად, ნიღბის ტარებაც არაეფექტური იქნება. 12 წლის ასაკის ბავშვს, შეუძლია აკონტროლოს საკუთარი მდგომარეობა და თუკი ნიღაბი მას რაიმე სახის დისკომფორტს შეუქმნის, მაგალითად, სუნთქვა გაუჭირდა, რომლის ალბათობაც უკიდურესად დაბალია, შეუძლია რეაგირება მოახდინოს და მასწავლებელს უთხრას მისი პრობლემის შესახებ. შიში იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადის მოხმარების გამო შესაძლოა, ბავშვებს რაიმე სახის დაავადებები განუვითარდეთ, უსაფუძვლოა. თუმცა, თუკი ერთი ნიღაბი რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეიცვლება და დაბინძურდება, ცხადია, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგეს“.
სწორედ ამიტომ, მაია ბუწაშვილს მიაჩნია, რომ ნიღბები თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისათვის, რისი საშუალებაც, შესაძლოა, ყველა ოჯახს არ ჰქონდეს. ამიტომ ის თვლის, რომ სკოლების ნიღბებით მომარაგებაზე გარკვეული პასუხისმგებლობა სახელმწიფომაც უნდა აიღოს.
„პირბადე საშიშია“, „ვერ იაზროვნებ“ - რატომ არ უნდა ვუთხრათ ეს ფრაზები ბავშვებს
ფსიქოლოგი მაია ცირამუა თავადაც სკოლის მოსწავლის მშობელია. ამიტომ მისთვის ბავშვებში პირბადის მოხმარების საკითხი საინტერესოა, პირველ რიგში, როგორც მშობლის და შემდეგ უკვე ფსიქოლოგის გადასახედიდან. საგანგებოდ მოიძია ინფორმაცია პირბადის მოხმარების დადებით და უარყოფით მხარეებზე და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ვერ მოიკვლია ცნობები იმის თაობაზე, რომ პირბადის ტარება დამაზიანებელი შეიძლება იყოს ბავშვის ფსიქიკისათვის ან გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები:
„დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მივაწვდით ამ საკითხს ბავშვებს. ბავშვის ემოციურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს მოსაზრება "პირბადე საშიშია", "დაიხრჩვები", "ვერ იაზროვნებ", "მაინც ვერ დაგიცავს" და ა.შ. და სწორედ აი, ამ აზრს შეიძლება დაუკავშირდეს ბავშვის აღქმა, ამან გამოიწვიოს უჰაერობის შეგრძნება, რასაც შესაძლოა პანიკური შეტევაც მოჰყვეს. დიდი სიფრთხილეა საჭირო და მშობლებსაც და პედაგოგებსაც დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. არ გვინდა ბავშვებში კიდევ ახალი "შიშების" კულტივირება. თუკი სადმე არსებობს მეცნიერული კვლევა, რომ პირბადის ხანგრძლივი მოხმარება ბავშვებისთვის საშიშია, მაშინ გავაკეთოთ არჩევანი და დავტოვოთ ისინი დისტანციურ სწავლებაზე, რადგან გამოდის, რომ ვერც ვირუსისგან დავიცავთ და ჯანმრთელობის ახალ პრობლემებსაც გავუჩენთ. და თუ ეს ასე არაა და გვინდა, რომ ჩვენი შვილები არ გამოვკეტოთ სახლებში და გახანგრძლივებული ფიზიკური და სოციალური დისტანციით გამოწვეული სტრესის შედეგები არ გავაღრმავოთ, მაშინ ცოტა მეტად სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს და არ გადავაქციოთ პირბადე ე.წ. საჯილდაო ქვად. ვიპოვოთ ოქროს შუალედი. დღეს არასწორად გადადგმული ნაბიჯი, ნებისმიერი პოპულისტური ან წინდაუხედავი გადაწყვეტილება, გაცილებით უფრო ძვირი დაგვიჯდება ყველას. რა არის ამ ყველაფრის პერსპექტივა, თუ 3-4 კვირაში ისევ ჩავკეტავთ ბავშვებს? ეს იქნება ყველაზე დიდი დანაშაული მათ წინაშე. ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ - განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და მთელი საზოგადოება. საქმე ეხებათ ბავშვებს“.
სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში საქართველოს მასშტაბით, გარდა სამი ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი), პირველ თებერვალს აღდგა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სკოლებში კორონავირუსის გავრცელების გამო, რამდენიმე სასწავლო დაწესებულება კვლავ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. განათლების სამინისტროში ამ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, ონლაინფორმატზე გადასული სკოლების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებენ.
WHO და UNICEF-ი ბავშვებისა და პირბადეების შესახებ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების თანახმად, 5 წლამდე ბავშვებისათვის პირბადის ტარება არ არის მიზანშეწონილი.
6-დან 11 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, მშობელს შეუძლია თავად, მასწავლებლისა და პედიატრის რეკომენდაციით გადაწყვიტოს, რა დროს ატაროს ნიღაბი ბავშვმა. ამ ასაკის ბავშვმა პირბადე შეიძლება ატაროს იმ შემთხვევაში, თუკი:
- ზუსტად იცის ნიღბის მოხმარების წესი;
- თუკი ნიღბის მოხმარების წესს აკონტროლებს ზრდასრული პირი;
- თუკი ბავშვს შეხება აქვს ადამიანებთან, რომლებიც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან, მაგალითად, ხანდაზმულებთან ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებთან.
რაც შეეხება 12 წელს ზემოთ ბავშვებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების თანახმად, მათ პირბადე ზრდასრული ადამიანების მსგავსად უნდა ატარონ:
- იქ, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები;
- იქ, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვებს შეუძლიათ ატარონ როგორც ე.წ. სამედიცინო ნიღბები, ისე ნაჭრით დამზადებული პირბადეები, რომლებიც მინიმუმ სამი შრისგან იქნება შეკერილი. ამ ტიპის ნიღბები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად, საპნითა და ცხელი წყლით.
ამავე რეკომენდაციების თანახმად, მხოლოდ პირბადე ვერ დაიცავს მოზარდს ინფიცირებისგან და აუცილებელია როგორც ხელის ჰიგიენა, ისე სოციალური დისტანციის დაცვა.