"არ არიან მრავლად ადამიანები, ვისაც ეჭვი ეპარება, დავით-გარეჯის საქართველოსადმი კუთვნილებაზე. სინოდმა იმსჯელა ამის თაობაზე, აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 1:200 000 მასშტაბის რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ მოაწერა შეთანხმებას ხელი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ, ვინაიდან თემა აინტერესებს ყველას, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით-გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისთვის" - თქვა აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ. მან სინოდის სხდომაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა დავით-გარეჯის კომპლექსის შესახებ, რომლის დეტალური შინაარსიც ცნობილია. სხვადასხვა ეპისკოპოსების საჯარო განცხადებების მიხედვით ირკვევა, რომ ალავერდელი ეპისკოპოსის მოხსენება კომპლექსის ისტორიას და იქ სხვადასხვა დროს წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებს შეეხებოდა.
რუკა, რომელსაც ალავერდელი ეპისკოპოსი ახსენებს, არის ის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც პროკურატურა კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს ედავება. სახელმწიფო ბრალდების მხარე ამბობს, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას მის შესახებ და არ იყენებდნენ საქართველოს სასარგებლოს დავით-გარეჯთან საზღვრის ხაზის საქართველოს სასარგებლოდ გადასაწყვეტად.
ბრალდებული მელაშვილი და ილიჩოვა ამ რუკაზე ამბობენ, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა დამალული არასოდეს არ ყოფილა, მეტიც, ის ღიად არის ხელმისაწვდომი ინტერნეტშიც, თუმცა მას აქვს რიგი სამართლებრივი და კარტოგრაფიული ხარვეზები. კომისია 1938 წლის შეთანხმებით და შესაბამისი რუკებით ხელმძღვანელობდა, რუკა კი, რომლის გამოუყენებლობასაც ბრალდების მხარე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის.
ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ეპისკოპოსის განცხადებას ეხმაურება და აქცენტს ორ მნიშვნელოვან უზუსტობაზე აკეთებს, რასაც მისი კომენტარი შეიცავს. ედუარდ მარიკაშვილის განმატებით:
- "1:200 000 მასშტაბის რუკები არა 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზეა დაბეჭდილი, არამედ 1933-34 წლების მონაცემების საფუძველზეა დაბეჭდილი 1937-38 წლებში;
- 1996 წელს სახელმწიფოები არა 1:200 000 რუკების გამოყენების აუცილებლობაზე, არამედ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი 1938 წელს ორმხრივად შეთანხმებული ხაზის გამოყენებაზე შეთანხმდნენ."
აბბა ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი, ერის კაცობაში ირაკლი მახარაძე სასულიერო ცხოვრების დასაწყისში დავით-გარეჯის მონასტერში მსახურობდა და მეგობრობდა სტუდენტთა ჯგუფთან, რომელიც დავით-გარეჯის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ბერად მამა ირაკლი 1991 წელს აღიკვეცა და დავითი ეწოდა, 1992 წელს კი ეპოსკოპოსად ეკურთხა. ალავერდის ეპარქიაში ის 1993 წლიდან მსახურობს.
ის, რომ დავით-გარეჯის თემა იყო დღევანდელი სინოდის სხდომის ერთ-ერთი განსახილველი თემა, დაადასტურა საპატრიარქოს პრეს-მდივანმა ანდრია ჯაღმაიძემაც, ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა კი ახალქალაქის ეპარქიიდან თქვა, რომ "კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულების გვარები სინოდის სხდომაზე ნახსენები არ ყოფილა. სინოდი მის გადაწყვეტილებას ამ და სხვა თემებზე, რაზეც დღეს იმსჯელეს, განჩინებაში ასახავს, რომელიც დღის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს.
ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, სახელმწიფო ბრალდება ქვეყნის საზიანოდ ტერიტორიის გასხვისების მცდელობას ედავება. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 28 იანვარს გირაოთი შეუცვალა და ორივე მათგანს თავისუფლების სანაცვლოდ 20 000-20 000 ლარის გადახდა დაავალა. გამოძიება ამ საქმეზე კვლავ გრძელდება იმ პირების მოსაძებნად, ვის დავალებასაც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები წინა ხელისუფლების დროს ასრულებდნენ.