Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელის წარუმატებელ ვიზიტს მოსკოვში დადებითი მხარეც აქვს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეური, ჯოზეპ ბორელი, დღემდე იმკის მოსკოვში წარუმატებელი ვიზიტის შედეგებს და ისმენს ზღვა კრიტიკას.

ამ ფიასკოდან სამი ცხადი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი: ევროკავშირი ისაა, რასაც მისგან წევრი სახელმწიფოები ქმნიან; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლენა ბრიუსელში ჯერაც მცირეა, თუმცა ამ ყველაფერს, შესაძლოა, მესამე, ოპტიმისტური, დასკვნაც მოჰყვეს - ამ ქვეყნების მიერ პუტინის რუსეთის უკეთ გაგებამ, შესაძლოა, მეტი ღირებულება შეიძინოს.

ევროკავშირის პოლიტიკას მისი უფრო დიდი წევრი სახელმწიფოები განსაზღვრავენ. ეს ყველაზე კარგად ბლოკის საგარეო პოლიტიკის მესვეურის შერჩევაში აისახება.

როდესაც, 2009 წელს, ეს თანამდებობა შეიქმნა, შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ევროკავშირი ტრანსფორმირდებოდა და უფრო სერიოზული დიპლომატიური მოთამაშე ხდებოდა. მედია ამ პოსტზე შვედეთის გავლენიანი საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის, კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა წევრმა სახელმწიფოებმა არჩევანი კეტრინ ეშტონზე შეაჩერეს, რომელსაც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე სავაჭრო კომისრის ერთწლიანი სტაჟი ჰქონდა. მისი შემცვლელის, ფედერიკა მოგერინის, უდიდესი მიღწევა მანამდე იტალიის ათთვიანი საგარეო საქმეთა მინისტრობა იყო. ბორელი, ევროპის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ესპანეთის მთავარი დიპლომატი 18 თვის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე გამოცდილი პიროვნებაა ამ როლში, თუმცა ტენდენცია ნათელია: დიდ შთაბეჭდილებას ნიუ-იორკსა და პეკინში ვერც ერთი მათგანი ვერ მოახდენდა.

ეს იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები - განსაკუთრებით კი, საფრანგეთი და გერმანია - საგარეო პოლიტიკას ჯერაც ნაციონალურ ასპარეზად განიხილავენ. მათ არ სურთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატმა მათი მინისტრები დაჩრდილოს. ამიტომ ისინი კანდიდატზე კონსენსუსის წესით თანხმდებიან და მას ხედავენ როგორც ბლოკის საგარეო საქმეთა საბჭოს ერთგვარ თავმჯდომარეს, საბჭოსი, სადაც ყველაფერი ერთხმად წყდება. ბორელი მოსკოვში ბერლინისა და პარიზის დაჟინებით გაიგზავნა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მოხერხდებოდა სულ უფრო ცივი ურთიერთობის გალღობა. თუმცა ვიზიტი ჩავარდა, დამნაშავე კი ბრიუსელი გამოჩნდა და არა წევრი სახელმწიფოები.

ცხადია, მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დამსახურება არ გახლავთ ეს ვიზიტი, რომელსაც ბრიუსელში უკვე უწოდეს „შავი პარასკევი მოსკოვში“. ამბობენ, რომ ბორელს იქაურობა მაშინვე უნდა დაეტოვებინა, როგორც კი გაარკვია, რომ პუტინის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის არ შეახვედრებდნენ. ამის ნაცვლად კი მან დამატებითი პოზიციები დათმო პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და რუსეთის სახელმწიფო მედიასთან კუბასა და ლატვიაში პრესის თავისუფლების საკითხებში. ბორელს რეაგირება არ მოუხდენია, როდესაც მისი თანდასწრებით ბლოკი „არასანდო პარტნიორად“ მოიხსენიეს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას ერთხელ მაინც უნდა წამოეჭრა უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხი და, ასევე, იქნებ ჯობდა თავი შეეკავებინა „სპუტნიკის“ ვაქცინის ნაადრევი ქებისგან.

რით შეიძლება ამ სისუსტის ახსნა? ევროკავშირის ლიდერების ინდივიდუალური ნაკლოვანებების გარდა, ჩემი აზრით, პასუხი ევროკავშირის ფუნდამენტურ ხარვეზებსა და დასავლეთ ევროპის მედიდურობაში უნდა ვეძიოთ. ხარვეზი ისაა, რომ ევროკავშირი, პირველ რიგში, გიგანტური ბაზარია, რომელიც სხვადასხვა სფეროებში სტანდარტებს აწესებს - იქნება ეს გარემოს დაცვა თუ ციფრული არენა. კონფლიქტები ევროკავშირის საქმე არაა. როგორც ერთმა ევროკრატმა ნათლად ჩამომიყალიბა: „ჩვენ ეგ საუკუნეების განმავლობაში ვცადეთ და ლამის ერთმანეთი გავანადგურეთ. ახლა ჩვენ სიკვდილამდე დიალოგს ვაწარმოებთ“.

ბრიუსელი და მისი ბიუროკრატია ბლოკის ბევრი წევრისთვის პასუხია მეორე მსოფლიო ომის ტრავმებსა და დამცირებებზე. აღმოსავლეთი და სამხრეთი წევრებისთვის ეს შინ დაბრუნებაა, ნორმალურობის აღდგენაა სხვადასხვა დიქტატორების მიერ ათწლეულობით მართვის შემდეგ. რა გასაკვირია, რომ ბრიტანეთი, რომლის მიერ ომში გამოჩენილი გმირობა ამ ქვეყნის დიდებულ მომენტად მიიჩნევა, არასოდეს გრძნობდა თავს კომფორტულად ამ ნაიარევიან კლუბში.

შესაბამისად, ევროკავშირმა, უბრალოდ, არ იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც საქმე აქვს რუსეთის მსგავს მოთამაშესთან, რომელიც წესებს არ იცავს. მეგობრულ დიპლომატიას, მულტილატერალიზმის შენარჩუნების პირობას და სავაჭრო შეთანხმებების შეთავაზებას, ასოციაციის შესახებ შეთანხმებებს ან წევრობასაც თავისი საზღვრები აქვს.

თუმცა ბევრი დასავლური სახელმწიფო მცდელობას განაგრძობს და კვლავ ახლის თავს კრემლის კედელს, ხოლო როდესაც ევროპის გამოწვდილ ხელს მოსკოვი უარით უპასუხებს, აღმოსავლეთ ევროპის წევრი სახელმწიფოები - პირველ რიგში, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი - ამბობენ, „ხომ გეუბნებოდითო“. ბრიუსელში ისინი ისტერიკულ რუსოფობებად მიიჩნევიან და მათ ყურს იშვიათად უგდებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლელ გიგანტთან ურთიერთობის გამოცდილებაცა აქვთ და ცოდნაც.

შეიძლება ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი შედარებით ახალბედები არიან კლუბში და არ გააჩნიათ შესაბამისი დიპლომატიური ქსელები. შეიძლება ისინი მეტისმეტად მცირე და ეკონომიკურად სუსტები არიან, ან, იქნებ, ვიშეგრადის ოთხეულის ობსტრუქციონისტულმა ტენდენციებმა დასავლეთის დედაქალაქებში მათ მიმართ ნდობა შეამცირა. როგორც არ უნდა იყოს, ჩანს, ჯერაც ცოცხალია საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის, სულისკვეთება, ჟაკ შირაკისა, რომელიც 2003 წელს ამუნათებდა ევროკავშირს მისი აღმოსავლელი კანდიდატების მიერ ერაყის ომის მხარდაჭერისთვის და ირწმუნებოდა, რომ მათ გაჩუმების კარგი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან.

საბოლოოდ კი, როგორც ჩანს, ბორელსაც და მის დასავლელ მხარდამჭერებსაც რუსეთთან დაკავშირებით თვალი აეხილათ. მოსკოვი ისეთი პარტნიორი არ არის, როგორის იმედიც ჰქონდათ. ნავალნის დაპატიმრებაზე პასუხისმგებლების წინააღმდეგ ბრიუსელი ახალ სანქციებს ამზადებს. გარკვეული დროის შემდეგ, ალბათ, ახალი ხიდის აშენებას შეეცდებიან, მაგრამ ახლა ჩანს, რომ ვარშავისა და ვილნიუსის წინასწარმეტყველებები სრულად ახდა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG