Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”- ქართული ფილმი ბერლინალეს მთავარ კონკურში მოხვდა


თითქმის 30 წლის შემდეგ ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში იქნება ნაჩვენები, ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და მისი სახელწოდებაა “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს “უძნართა მზე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვი” გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.

წელს პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.

„ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრი წელს უკვე მეთექვსმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტირული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო პავილიონი ვირტუალური იქნება, შეხვედრები კი ონლაინ რეჟიმში გაიმართება კინოფესტივალების პროგრამერებთან, გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და პროდიუსერებთან.

საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის, მიმდინარე პროექტებისა და ქართული კინომემკვიდრეობის შესახებ. კინოცენტრის გუნდს შესაძლებლობა ექნება გაუწიოს პოპულარიზაცია საქართველოში ბოლო წელს წარმოებულ კინოპროდუქციას“,- ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.

ბერლინალეს წლევანდელ გამოშვებაში წარმოდგენილი იქნება ასევე სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება”. ბერლინში ფილმს აჩვენებენ სექციაში “ფორუმი”.

XS
SM
MD
LG