ლიეტუვის ხელისუფლებამ უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოკავშირის, ლეონიდ ვოლკოვის დაპატიმრების შესახებ.
რუსეთმა ვოლკოვს ინტერპოლით წარუდგინა ბრალდება, რომლის მიხედვითაც ის ეჭვმიტანილია არასრულწლოვანთა მიმართ მოწოდებებში, იანვრის ბოლოს მონაწილეობა მიეღოთ ნავალნის მხარდამჭერ არასანქცირებულ დემონსტრაციებში.
ამ ბრალდების მიხედვით ვოლკოვს, რომელიც ახლა ლიეტუვაში ცხოვრობს, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული დევნისთვის არასწორ პრაქტიკას წარმოადგენს“, - განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ. მისი თქმით, ვოლკოვის დაპატიმრების ორდერი სერიოზულ ეჭვებს იწვევს ინტერპოლში რუსეთის წევრობის შესახებ.
რუსეთის სასამართლომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირის, ლეონიდ ვოლკოვის დაპატიმრების ორდერი 10 თებერვალს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე გასცა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ვოლკოვი, რომელიც რუსეთის მასშტაბით ნავალნის გუნდების ქსელს ხელმძღვანელობს, ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი, 44 წლის ნავალნი 17 იანვარს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას მკურნალობდნენ ნერვული ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო. ნავალნი მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს, კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.
მის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. რუსეთის ათასობით მოქალაქე 23 და 31 იანვარს ქუჩებში გავიდა დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად. პოლიციამ ძლიერი ზეწოლა განახორციელა დემონსტრანტებზე, ნავალნის ბევრი მოკავშირე დააპატიმრა და შემდეგ - ზოგ შემთხვევაში ძალადობრივად - დააკავა ათასობით პირი, რომელიც დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას.