Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე


92 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. ამის შესახებ ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს.

„ბატონი თამაზი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. ალბათ, შორს წაგვიყვანს ბატონი თამაზის დამსახურებების, რეგალიებისა თუ ენათმეცნიერების სფეროში დღეს უკვე მთელ მსოფლიოში კლასიკურად აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ჩამოთვლა. ბატონი თამაზი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, უკანასკნელ წლებში კი - საპატიო პრეზიდენტი, არაერთი დასავლური წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და დოქტორი, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და სხვა. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო თუ პრემია“, - ნათქვამია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამყრელიძის მრავალ ნაშრომთაგან ქართულ ლინგვისტიკაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მონოგრაფია „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (1965, გივი მაჭავარიანის თანაავტორობით), რომელშიც აღდგენილია საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები.

მსოფლიო ინდოევროპეისტიკის უმნიშვნელოვანეს ნაშრომთა შორისაა ვიაჩესლავ ივანოვთან თანაავტორობით დაწერილი მისი ფუნდამენტური გამოკვლევა „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“ (ტტ. I-II, 1984).

თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990–1991 წწ.); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); იყო საქართველოს პარლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის წევრი (1992-2004 წწ.).

XS
SM
MD
LG