Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როკის გვირაბთან დაკავებული ერიკ დრულევი 20 წლისაა და გორში ცხოვრობს


ცხინვალი
ცხინვალი

საქართველოს მოქალაქე ერიკ დრულევი ვლადიკავკაზში ნათესავებთან მიდიოდა, როდესაც ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე დააკავეს.​

დრულევი 20 წლისაა და გორში ცხოვრობს. მისი ბიძაშვილი მაკა დრულევი ამბობს, რომ ერიკს ოკუპირებულ სოფელ არცევში დედის ნათესავები ჰყავს და მათთან კონტაქტი სულ ჰქონდა. ბოლოს ბიძაშვილი მან 3 დღის წინ ნახა, როდესაც შეიტყო რომ ვლადიკავკაზში მცხოვრებ პაპასთან აპირებდა გადასვლას.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, დრულევის არცეველი და ვლადიკავკაზელი ნათესავები ცდილობენ, რაც შეიძლება მოკლე დროში მის გათავისუფლებას. მათ უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ დე ფაქტო მთავრობა ერიკ დრულევს ცენტრალურ ხელისუფლებას რამდენიმე დღეში გადმოსცემს.

როგორც სუს-ი აცხადებს, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი" და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. განცხადების თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ის მიიჩნევს, რომ უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას. როგორც სუს-ი აღნიშნავს, უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას.

XS
SM
MD
LG