Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაპატიმრებულთა გასათავისუფლებლად ხელისუფლების გააქტიურების მოთხოვნით მსვლელობა იმართება


ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ხელისუფლების გააქტიურების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება. მსვლელობა დაიწყო რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან, სადაც ახლა შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ფუნქციონირებს, დასრულება კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.

"ჩვენ, პირველ რიგში, ვითხოვთ საზოგადოებისგან გააქტიურებას და იმ მოთხოვნებზე შემოერთებას, რასაც ვუყენებთ ჩვენს ხელისუფლებას - იბრძოლოს ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან, გასათავისუფლებლად. ჩამოგითვლით, ვინ არიან ეს ადამიანები: გენადი ბესტაევი, რომელიც გაიტაცა საოკუპაციო რეჟიმმა 14 თვის წინ და მიუსაჯა 2-წლიანი პატიმრობა; ზაზა გახელაძე - 7 თვის წინ ჯერ ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს, 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს პატიმრობა; ლაშა ხეთერელი - 7 თვის წინ გაიტაცა საოკუპაციო რეჟიმმა და მიუსაჯა 1 წელი; ირაკლი ბებუა - მას 9 წელი მიუსაჯეს; რამაზ ბეღელური - ეს ადამიანი 5 დღის წინ გაიტაცეს და ელოდება, რას მიუსჯის საოკუპაციო რეჟიმი", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ.

ერთ-ერთი ბოლო, ვისაც ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს, ზაზა გახელაძეა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

XS
SM
MD
LG