Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ-ავივის საავადმყოფოში წარმატებით გამოიყენეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი


თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის (იხილოვის საავადმყოფო) თანამშრომლები აცრების კამპანიის დაწყებას ზეიმობენ, 2020 წლის 20 დეკემბერი.
თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის (იხილოვის საავადმყოფო) თანამშრომლები აცრების კამპანიის დაწყებას ზეიმობენ, 2020 წლის 20 დეკემბერი.

ისრაელიდან მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის მკვლევრებმა დიდ წინსვლას მიაღწიეს კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის განვითარების საქმეში, ამის თაობაზე ცნობა ფეისბუკით გაავრცელა ისრაელის ელჩმა საქართველოში, რონ გიდორმა, რომლის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევის პირველი ფაზა დასრულდა.

30 პაციენტიდან, რომლებსაც მისცეს EXO-CD24, 29-მ საავადმყოფო დატოვა 3-5 დღემდე, უთხრეს თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის (იხილოვის საავადმყოფო) მკვლევრებმა ისრაელის KAN News-ს. 30-ე „პაციენტიც გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა“, ამბობს სამედიცინო ცენტრის კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნადირ არბერი.

პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ნოვატორულ ნაერთს, ეფუძნება გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს და პირდაპირ ფილტვებში ხდება მისი შესუნთქვა, რათა კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული ციტოკინური ქარიშხალი არ განვითარდეს.

ცნობით, კოვიდ-19-ს ორი ფაზა აქვს. პირველი ფაზა გრიპის მსგავსად ვითარდება და მას მხოლოდ ხელის შემწყობი მკურნალობა სჭირდება. მეორე ფაზა პაციენტების 5-7 პროცენტს მოიცავს, უფრო რისკფაქტორების მქონე პირებს ეხება და იმუნური სისტემის გააქტიურებას იწვევს. ამას უწოდებენ „ციტოკინურ ქარიშხალს“.

„ვაქცინამ რომც აკეთოს თავისი საქმე, რომც არ გაჩნდეს ვირუსის ახალი მუტირებული ვარიანტები, კორონავირუსი მაინც დარჩება ჩვენთან ამა თუ იმ ფორმით“, ამბობს პროფესორი არბერი თელ-ავივის საავადმყოფოდან და განმარტავს, რომ მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს პრეპარატი, სახელწოდებით EXO-CD24.
პრეპარატის ეს შემადგენლობა განსაზღვრულია ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვის, მათი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

იხილოვის სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი რონი გამზუ ამბობს: „მეამაყება, რომ უკვე ახლა, იხილოვში, პირველთა შორის მსოფლიოში, ჩვენ ვმუშაობთ კვლევის ამ დარგში და შესაძლოა, ვაახლოებთ ისრაელის პასუხის დაწყებას ამ საშინელ გლობალურ პანდემიაზე“.

XS
SM
MD
LG