Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაგმო ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯა


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი.

ევროპის კავშირი ოთხშაბათს გამოეხმაურა რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ 2 წელი და რვა თვე მიუსაჯა კრემლის კრიტიკოსს, რომელსაც ძველი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. ნავალნის ბრალად ედება პირობითი პატიმრობის წესების დარღვევა.

როგორც საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული, ნავალნის ბრალად ედება გამოუცხადებლობა იმ პერიოდში, როცა ის გერმანიაში მკურნალობდა მანამდე რუსეთში საბრძოლო ქიმიური იარაღით მოწამვლის შემდეგ.

ბორელი ასევე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ თავად ის პირობითი სასჯელიც დაგმო 2017 წელს, რომლის პირობების შეუსრულებლობასაც ედავებიან ნავალნის. ევროსასამართლოს მაშინდელი განჩინებით, ნავალნის ეს სასჯელი „თვითნებური და აშკარად არაგონივრული“ იყო.

„ევროკავშირი კვლავაც მოუწოდებს [რუსეთს], დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ის მოქალაქეები და ჟურნალისტები, რომლებიც დააკავეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისას. ეს მოვლენები ადასტურებს უწყვეტ უარყოფით ტენდენციას, რომ რუსეთის ფედერაციაში მცირდება სივრცე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის,“ ნათქვამია საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

ბორელის თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს დაუბრუნდება საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე და იმსჯელებს შესაძლო შედეგებსა და ნაბიჯებზე.

XS
SM
MD
LG