„გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე უმრავლესობის მიერ 51 ოპოზიციონერი დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეჩერებისგან თავის შეკავების საკითხს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. პოსტში იგი ამომრჩეველს მიმართავს და ეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტიდან არ უშვებს ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს მანდატებზე, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ხალხის რეალურ ნებას:
„მაგას არ გავუშვებთ პარლამენტიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ ვაიძულებთ ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსიო.
ანუ, თქვენ გეუბნებიან, გადასახადები უნდა წაგართვათ და ძალით უნდა ვტენოთ (მე არ ვიღებ, მაგრამ შინაარსი ამით არ იცვლება) ადამიანს, რომელსაც არ უნდა ამ საქმის კეთებაო (თუნდაც არასწორად იქცეოდეს)
პლიუს ძალით უნდა გამოვუყოთ და მოვაცდინოთ საოფისე ფართი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ., მიუხედავად იმისა რომ აქ არ შემოდისო
ცხრაასორმცაექსვსჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო
მაგრამ მაინც არ გავუშვებთო.
ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ:
„საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
პოსტის დასასრულს იგი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა პარტიამ მისთვის მანდატის გაუქმების საკითხი თავისივე ინიციატივით დააყენოს.
ამ ეტაპზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობა არ უკმაყოფილებს მოთხოვნას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საკითხს ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. პარტია "ქართულმა ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება პლენარული სხდომის დაწყებამდე, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც პარტია "ევროპელი სოციალისტები" და "მოქალაქეები" შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, კიდევ 20-მდე დეპუტატს სურს თავისი ადგილის დაკავება პარლამენტში.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.
უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად ესწრებიან პარლამენტის სხდომას. "მოქალაქეების" ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების შემდეგ.
უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ "ქართულ ოცნებას" სთხოვა, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.
იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ, პროცესის გაჭიანურებას ფარსად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.