საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ ავრცელებს მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ.რომი) კოტე სურგულაძის განმარტებას.
როგორც დიპლომატი აღნიშნავს, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო.
„კოვიდ19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ქ. რომში (რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას) მალტის შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან.
მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა.
საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით წარმოადგენს სპეკულაციას” , - აცხადებს კოტე სურგულაძე.
მიხეილ სააკაშვილმა 27 იანვარს მიმართა საქართველოს მთავრობას. „კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.
ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ. შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.