Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპელი სოციალისტები" მხარს არ დაუჭერს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას


დავით ზილფიმიანი
დავით ზილფიმიანი

საქართველოს პარლამენტის წევრებად „პატრიოტთა ალიანსის“ სიით არჩეული დეპუტატები, რომლებმაც ახალი გაერთიანება, „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს, მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების ფორმატით პირველი გამოსვლის დროს დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა თქვა, რომ კოლეგებს დასაფიქრებლად დრო კიდევ უნდა მისცენ:

„საქართველო ჩვენი პატარა ქვეყანაა და ყველა ერთმანეთს მეტ-ნაკლებად ვიცნობთ. რატომ ვამბობ ამას? მე მინდა ვისარგებლო მომენტით და, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა შეღავათი ან რაღაცა ვადა კიდევ შემოსვლაზე დასაფიქრებლად უნდა მივცეთ ჩვენს კოლეგებს, ოპოზიციურ სეგმენტს, ყოველ შემთხვევაში, ის, ვინც დესტრუქციას ბოლომდე არ გაყვება, იქნებ ჩვენი გამოსვლით და უფრო დეტალურიც გვექნება, მოვახდინოთ თქვენი გადარწმუნება იმაში, რომ ეხლავე ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა შეიძლება სასურველი არც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ წინააღმდეგს შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. სხდომა 18:00 საათზეა დანიშნული.

ამ დროისთვის პარლამენტში შეტანილია 51 განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში აცხადებენ, რომ განხილვა შედგება პარლამენტისთვის განცხადებით მიმართვის თარიღების მიხედვით.

ამასთან, 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ცდილობენ ოპოზიციიდან არჩეულ დეპუტატებს მაქსიმალური ვადა მისცენ იმისთვის, რომ „მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება, სანამ პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“.

მდინარაძის ინფორმაციით, საპროცედურო კომიტეტი განცხადებებს განიხილავს 27 და 28 იანვარს, შემდეგ საკითხი ბიუროს წარედგინება, პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა კი 2 თებერვალს ჩატარდება.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა პარლამენტს უფლებამოსილების შესაწყვეტად "პატრიოტთა ალიანსის" წევრებზე ადრე მიმართა. მათ შორის სულ პირველი იყო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

განხილვის რიგითობის დარღვევა იმას უკავშირდებოდა, რომ პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის სხვა წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ ორ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს და პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

XS
SM
MD
LG