Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელი სენატორების უმრავლესობა ტრამპის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება


აშშ-ის სენატში ჩატარებული საპროცედურო კენჭისყრის შედეგად, 100 სენატორიდან 55-მა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვის დაწყებას. წინააღმდეგი იყო 45. ყველა მათგანი რესპუბლიკელია. მომხრეთა შორის 50 დემოკრატი და 5 რესპუბლიკელი სენატორია.

კენჭისყრის ინიციატორი იყო რესპუბლიკელი რენდ პოლი, რომელიც იმპიჩმენტის პროცესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ის ფაქტი, რომ სენატორ პოლის შეფასება მხოლოდ 5-მა თანაპარტიელმა არ გაიზიარა, მინიმუმამდე ამცირებს დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის საბოლოოდ გამოცხადების შანსს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაწყებული პროცესის ბოლომდე მიყვანისთვის აუცილებელია სულ მცირე 67 სენატორის თანხმობა. 100-წევრიან სენატში 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელია. შესაბამისად, ტრამპის იმპიჩმენტს ყველა დემოკრატი სენატორის ხმებთან ერთად სჭირდება მინიმუმ 17 რესპუბლიკელის ხმა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმაც, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს, მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მიტინგის ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობებისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილები
კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილები

კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპისთვის ამბოხებისკენ წაქეზების მუხლით გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი სენატს 25 იანვარს გადასცა. კონგრესის ზედა პალატა დონალდ ტრამპის ბრალდების საქმის განხილვას 8 თებერვლიდან დაიწყებს.

კონგრესის ქვედა პალატის წარმომადგენლებს სენატში მიაქვთ პრეზიდენტ ტრამპისთვის გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი
კონგრესის ქვედა პალატის წარმომადგენლებს სენატში მიაქვთ პრეზიდენტ ტრამპისთვის გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ამოეწურა. თუ სენატი უკვე ყოფილ პრეზიდენტს დამნაშავედ ცნობს, ტრამპი ვეღარ ისარგებლებს აშშ-ის პრეზიდენტებისთვის მინიჭებული პრივილეგიებით და მომავალ არჩევნებში კენჭისყრის უფლებით.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უნდობლობა გამოუცხადა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონგრესის გამოძიებისთვის ხელისშეშლის ბრალდებით. საქმე ეხებოდა ვერსიას, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის ვაჟის ბიზნესსაქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა პრეზიდენტ ზელენსკისგან და წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავდა. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა სენატმა, სადაც 2019 წელს უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG